ევროპული საქართველო: ზუგდიდის მერის და გუბერნატორის ხელფასების ზრდას მხარს არ დავუჭერთ

562

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო გეგმავს საჯარო მოხელეების ხელფასები გაზრდის შესახებ მიიღოს გადაწყვეტილება. პარტიის წევრების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალური პრობლემების ფონზე საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების მატებას მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას “ლაივპრესი” ავრცელებს.

ირმა ნადირაშვილის თქმით, ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა ადამიანს, მაგრამ როდესაც პრობლემაა პენსიის მომატება, სოციალურად დაუცველის შემწეობის გაზრდა, ფაროსანასგან მიყენებული ზარალის ანაზღაურება, მხარს ვერ დაუჭერერნ „ქართული ოცნების“ პარტიული აქტივის, გუბერნატორის და მერის ნათესავების ხელფასის მატებას“.

„ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ლაშა გოგიას რძალს (მერი) გვანცა თორდიას, ჩვენ ასევე წინააღმდეგი ვართ, რომ ხელფასი გაეზარდოს მერის მოადგილის, მაიზერ ნანავას მეუღლე ნინო ქარჩავას, მის დეიდაშვილს გიგა ფარულავას. დღეს ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზედამხედველობის სამსახურის უფროს ლაშა ჯაიანს და მის მეუღლეს, ნათია ქირიას, რომელიც საკრებულოში მუშაობს. ხელფასი არ უნდა გაეზარდოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის, ედიშერ თოლორაიას დას, ქალბატონ ხათუნა თოლორაიას, რომელიც ბაღების ააიპის უფროსია. სწორედ ამაზე გვინდა ყურადღების გამახვილება, რომ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიაში არ არიან დასაქმებული ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან თავიანთი კვალიფიკაციით. ეს არის ადგილი სადაც თავს იყრიან „ქართული ოცნების“ პარტიული წარმომადგენლები, გამგებლის, გუბერნატირის და მაჟორიტარების ოჯახის წევრები, ნათესავები და მეგობრები“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე.

პარტიის ზუგდიდელი წევრის, ლაშა დამენიას განცხადებით, კი გადასახადების ზრდის, მძიმე სოციალური ფონის, ეკონომიკური გაჭირვების, ფაროსანასგან მიყენებული აუნაზღაურებელი ზარალის ფონზე, „ხელისუფლებას ყოფნის თავხედობა და ზუგდიდის საკრებულოში ხელფასების მატების მოთხოვნა შეაქვს“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა დღეს 14:00 საათზე დაიწყო.