“მუნიციპალიტეტში მთავარი გლეხი და მიწაა”

534

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, დავით ლოსაბერიძემ და ამ ეტაპზე “ღია საზოგადოება _ საქართველოს” წარმომადგენელმა კოკა კიღურაძემ ტერიტორიული მოწყობის შესახებ, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს. საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რამდენი მუნიციპალიტეტის ფორმირება მოხდება შვიდი თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ, მათ შორის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

 

დავით ლოსაბერიძის თქმით, თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე, შესაძლოა, შეიქმნას ერთი ან რამდენიმე თვითმმართველი ერთეული.

_ პირველ შემთხვევაში, პრაქტიკულად, არაფერი შეიცვლება _ ვერ მოხდება მოსახლეობის დაახლოვება თვითმმართველობასთან; კვლავ ვერ იქნება გათვალისწინებული კონკრეტული ადგილობრივი/ზონალური ინტერესები; ვერ შეიქმნება ახალი კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრები. ხოლო მეორე ვარიანტის დაკანონების შემთხვევაში, ადგილობრივი თავისებურებების გათვალისწინებით შეიქმნება ადგილობრივ ინტერესებზე ორიენტირებული მუნიციპალიტეტები; გაიზრდება ხელმისაწვდომობა ახალ ცენტრთან, რაც დაზოგავს როგორც მოსახლეობის ფინანსებს, ისე თვითმმართველობათა ადმინისტრირების ხარჯებს; გაიზრდება მოსახლეობის ადგილობრივ პროცესებში ჩართულობა, მუნიციპალური პროგრამები მეტი სიზუსტით იქნება მიმართული მოსახლეობისთვის კონკრეტული საკითხების გადაწყვეტაზე; თვითმმართველობებს მოუწევთ ურთიერთობა გაცილებით ნაკლებ მოქალაქესთან _ გაიზრდება ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი აზრის ზეგავლენის ხარისხი; შესუსტდება დედაქალაქსა და რეგიონებს შორის არსებული დისპროპორცია.

რას მიიღებს სოფელი თუ, მაგალითად, ოზურგეთში ექვსი მუნიციპალიტეტი იქნება? _ ამ მუნიციპალიტეტებს ეყოლებათ არჩეული გამგებელი, საკრებულო, ექნებათ საკუთარი, გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც განაწილდება მხოლოდ მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლების საჭიროებებზე. მოსახლეობას ექნება მეტი შესაძლებლობა გააკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა და მიიღოს მონაწილეობა გასახორციელებელი პროექტების შერჩევაში. მუნიციპალიტეტთა ადმინისტრაციულ ცენტრებში აშენდება ახალი ადმინისტრაციული შენობები, მომსახურების ცენტრები (სოფლის სახლები), სადაც მოსახლეობა მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რისთვისაც ადრე ცენტრში უწევდა სიარული. ადმინისტრაციული ცენტრების და სოფლის სახლების აშენება და ახალი სერვისების გაჩენა ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას (ინტერნეტიზაცია, ახალი ტექნოლოგიები). შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება და სოფლის ახალგაზრდობას გაუჩნდება მეტი პერსპექტივა, _ ამბობს დავით ლოსაბერიძე.

კოკა კიღურაძის თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრები რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ბოლო წუთს გადაიფიქრეს და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთმა ნაწილმა, თავად გადაწყვიტა მოსახლეობისთვის გაეცნო, თუ რას აპირებს ხელისუფლება და რა ალტერნატიულ პროექტს სთავაზობს მთავრობას არასამთავრობო სექტორი:

_ მთავრობას აქვს ვალდებულება, თვის ბოლომდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს გეგმა, როგორ უნდა გახორციელდეს ამ შვიდი ქალაქის გამოყოფის შედეგად დანარჩენი ტერიტორიების ოპტიმიზაცია და რა თვითმმართველი ერთეულები უნდა ჩამოყალიბდეს ამ ტერიტორიებზე. პარლამენტმა კი ეს 2-3 აპრილს უნდა გაიტანოს დასამტკიცებლად სხდომაზე. დრო ძალიან ცოტაა, _ თქვა კოკა კიღურაძემ.

სოფელ დვაბზუს მცხოვრები ქეთინო ჭეიშვილი თვლის, რომ რამდენიმე მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბება ვერაფერს შეცვლის და ყველაფერი ისევ “ქაღალდომანიით” შემოიფარგლება. ის ასევე, არაა მომხრე, დვაბზუ შემოქმედს დაექვემდებაროს: _ ეს საუბარი ჰაერში გამოკიდებული მგონია. მუნიციპალიტეტში მთავარი გლეხი და მისი მიწაა. დღეს გლეხი იწევს ტონობით მოსავალს და რადგან რეალიზებას ვერ ახერხებს, მაინც ოჯახში პურის ფული არაა. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ შეიქმნება ეს მუნიციპალიტეტები და შემდეგ თანაბრად მოხდება სოფლებში პრობლემების გადაწყვეტა ან ბიუჯეტს არავი დაიტაცებს. მოსანატრი დარჩა კომუნისტების პერიოდი, სოფლებს ჰქონდა დიდი დაფინანსება. დღეს ყველა ძალიან ბევრს იდეას გვთავაზობს, მაგრამ საქმე წინ არ მიდის, _ ამბობს ჭეიშვილი.

ოზურგეთელი გია მენაბდის მოსაზრებით, მხოლოდ ამ ორ მოდელზე არ უნდა ვიფიქროთ:

_ ჩემთვის არ არის მისაღები ის, რომ სოფელ შრომაში მცხოვრები ყველა საქმეზე ოზურგეთში ჩავიდეს, როცა მას შეუძლია იქვე, ნატანების ცენტრში მოაგვაროს. შესაძლებელია ვიფიქროთ მესამე მოდელზე _ დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონას პლუს თვითმმართველი ქალაქი.

კიდევ ერთი ოზურგეთელის, ქეთევან ხიდაშელის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მეტი ადამიანის აზრი უნდა დაფიქსირდეს: _ ვიცნობ პოლონეთის თვითმმართველობის სისტემას, იქ ვნახე გაერთიანებული სოფლები, სადაც ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა განვითარებულია. თუ არ გადავლახეთ, რომ მე დვაბზუელი ვარ ან შემოქმედელი და ვერ გავერთიანდებით, არაფერი გამოვა. რაც უფრო მეტად აქტიური იქნება საზოგადოება, უფრო მეტი საქმე გაკეთდება სოფელში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე თვლის, რომ “შესაძლებელია ტერიტორიული დაყოფის სხვა ვარიანტებიც იქნას წარმოდგენილი: _ თვითმმართველი ქალაქის _ ოზურგეთის გამოყოფის შემდეგ, დარჩენილ ტერიტორიაზე, შეიძლება, ორი მსხვილი მუნიციპალიტეტი _ დასავლეთი და აღმოსავლეთი ზონა მივიღოთ.”

სოფელ ასკანაში მცხოვრები, ლევან გიორგაძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, სოფლებს უნდა მიექცეს ყურადღება:

_ ხილის გადამამუშავებელი და შემნახველი ქარხნები არ არის და არც არავინ ცდილობს, ეს პრობლემა მოაგვაროს.

მესამე სექტორის წარმომადგენელთა მოსაზრებით, ოპტიმალური იქნება, თუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთის ნაცვლად, 6 მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდება: 1. ნატანები _ ქვემო ნატანები, ზემო ნატანები, შეკვეთილი, დაბა ურეკი, წვერმაღალი, შრომა, ვაკე, ზედუბანი, მოცენარი, ორმეთი და ხრიალეთი; 2. მერია _ მერია, ნაღობილევი, ჭახვათა, ხვარბეთი, დაბა ლაითური, კონჭკათი, განთიადი და თხინვალი; 3. გურიანთა _ გურიანთა, ბაილეთი, ახალსოფელი, ჭანიეთური, სილაური, ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი, დაბა ნასაკირალი, მელექედური, ციხისფერდი. 4. ლიხაური _ ლიხაური, აჭი, კვაჭალათი, ნიაბაური, გოგიეთი, ზემო მაკვანეთი, ჭანიეთი, ქაქუთი, ვაშტიალი, დაბა ნარუჯა; 5. შემოქმედი _ შემოქმედი, გომი, გონებისკარი, ჭალა, წითელმთა, დვაბზუ, ვაკიჯვარი, ფამფალეთი, ცხემლისხიდი, ბაღდადი, ზედა უჩხუბი; 6. ბახვი _ ზედა ბახვი, მშვიდობაური, ოქროსქედი, ქვედა ბახვი, ზედა ძიმითი, ნასაკირალი, ქვედა ძიმითი, გაღმა დვაბზუ, ასკანა, დაბალი ეწერი, მზიანი, ვანისქედი, უკანავა.

მესამე სექტორის წარმომადგენლები ოზურგეთის სოფლებში მოსახლეობის მოსაზრებების გასაცნობად შეხვედრებს განაგრძობენ.

 

იხილეთ რესურსი