არის თუ არა ლეგიტიმური ბორჯომის საკრებულოს ის სხდომა, რომელზეც ხელფასების მატება დაამტკიცეს

992

წინა სტატია

არის თუ არა ლეგიტიმური ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 28 თებერვალს, დღის მეორე ნახევარში გამართული საკრებულოს ის სხდომა, რომელზეც ხმათა უმრავლესობით მერიაში ხელფასების მატება დაამტკიცეს.

როგორ განვითარდა მოვლენები ბორჯომში – ქრონოლოგია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 28 თებერვალს სხდომა ორჯერ გაიმართა. პირველი 12:00 საათზე, მეორე კი – დაახლოებით 18:30 საათზე.

პირველ სხდომას 26 დეპუტატი ესწრებოდა – 15 ოპოზიციიდან და 11 „ქართული ოცნებიდან“. დეპუტატებმა 30 საკითხი განიხილეს. ბოლო, 30-ე საკითხი, მერიის თანამშრომლების ხელფასების მატებას ეხებოდა.

კენჭი 30-ვე საკითხს უყარეს. საიდანაც 29 საკითხი დადებითად გადაწყდა, ბოლო კი არ დაკმაყოფილდა. საკრებულოს ოქმში ჩანაწერის მიხედვით, ხელფასების მატებას მხარი „ოცნების“ 11-ვე დეპუტატმა დაუჭირა, საკრებულოს სხვა წევრებიდან ოთხი წინაღმდეგი იყო, 11-მა კი თავი შეიკავა.

„26-კაციანი საკრებულოს უმრავლესობას – 14 დეპუტატს უნდა მიეცა ხმა, რომ 30-ე საკითხიც დადებითად გადაწყვეტილიყო. რადგან არ დაუჭირა უმრავლესობამ მხარი, ეს საკითხი არ დაკმაყოფილდა. დღის წესრიგით წარმოდგენილ ყველა საკითხს ჩვეულებრივ ეყარა კენჭი, დადგა შედეგი და სხდომაც დასრულდა“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი.

„30-ე საკითხის განხილვის დროს ისე ასწიეს და დაწიეს ხელი, რომ კაცმა ვერ გაიგო, რა მოხდა. მოვითხოვეთ ოქმი და ხელნაწერი რომ მოგვცეს, წერია რომ 11-მა მხარი დაუჭირა და ოთხი იყო წინააღმდეგი. საინტერესოა, თუ დანარჩენმა პოზიცია არ გამოხატა, გამოდის, რომ მაშინ ის დეპუტატები იმ სხდომაზე ისეთივე წევრები იყვნენ, როგორიც იმ წუთში მე ვიყავი“, – ამბობს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი თეა კიკაძე და ამატებს, რომ, მათი აზრით, რეალურად, სხდომაზე დეპუტატების უმრავლესობამ ხელფასების მატებას მხარი დაუჭირა – “ჰოდა, ახლა მოვითხოვთ, რომ ეს ყველაფერი დოკუმენტურად ასახონ”.

სხდომის დასრულების შემდეგ საკრებულოში ვითარება დაიძაბა, იყო ხელჩართული ჩხუბიც იმის გამო, რომ ხელფასების საკითხი არ გადაწყდა. კაბინეტში გამოკეტეს ზაზა ჩაჩანიძე.

ამ მოვლენების გამო, გვიან საღამოს, ბორჯომში კვლავ გაიმართა სხდომა, თუმცა, მას მხოლოდ 17 დეპუტატი ესწრებოდა (13 “ოცნებიდან” და 4 – “პატრიოტთა ალიანსიდან”), სხდომას კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი უძღვებოდა. ამ სხდომაზე, 13 ხმით 4-ის წინააღმდეგ, ხელფასების მატების საკითხი დადებითად გადაწყდა.

სხდომის დასრულების შემდეგ მერიის თანამშრომლებმა ოქმი მოითხოვეს იმის დასტურად, რომ ხელფასების საკითხი ნამდვილად გადაწყდა და პროტესტი გააგრძელეს. საკრებულოს აპარატმა იმ ღამესვე ორივე სხდომის ოქმი გაამზადა, თუმცა, ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ დღის მეორე ნახევარში გამართული სხდომა არალეგიტიმური იყო და ამიტომ მას ხელს არ მოაწერდა.

„ოცნების“ დეპუტატები ირწმუნებიან, რომ სხდომა ლეგიტიმური იყო, რადგან ის საკრებულოს უმრავლესობის მიერ იყო მოწვეული, მისი თავმჯდომარეობის უფლება კი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ნამდვილად ჰქონდა.

“სხდომის გამართვის მიზეზი იყო ის, რომ აპარატმა ვერ დაითვალა ხმები, ვერ დაადგინა საკითხის მიღება-არმიღების სისწორე, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საკითხზე ხელახლა სამსჯელოდ შევკრებილიყავით”, – ამბობს „ოცნების“ დეპუტატი გიორგი ფერაძე.

ვის შეუძლია რიგგარეშე სხდომის ჩატარების მოთხოვნა?

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) მუნიციპალიტეტის მერის/წინადადებით; ბ). მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წინადადებით ან ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრურებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ის მოთხოვნით.

თუ ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ დღის განმავლობაში არც მუნიციპალიტეტის მერს, საკრებულოს წევრებს ან რომელიმე ფრაქციას (მით უფრო, მოსახლეობას) ამგვარი წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარისთვის არ მიუმართავს და არც თავად გადაუწყვეტია, დაენიშნა რიგგარეშე სხდომა.

ვინ და რა ვადაში იწვევს რიგგარეშე სხდომას?

კიდევ ერთი ჩანაწერი, რომელიც “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსშია”, ეხება თავად რიგგარეშე სხდომის მოწვევის პროცედურას. კოდექსში ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის (წინადადების) წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას.

აქვე არის დათქმაც, რომ, თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, თავად შეიკრიბოს.

აქვე, ისიც წერია, რომ რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დამსწრე უხუცესი წევრი.

ანუ, “თვითმმართველობის კოდექსი” ცალსახად ამბობს, რომ რიგგარეშე სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ 1 კვირის ვადაში უნდა მოიწვიოს და, თუ არ მოიწვევს, მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია საკრებულოს შეიკრიბოს. და თუ საკრებულოს თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომაზე არ გამოცხადდება, მას მისი მოადგილე, ან უხუცესი წევრი ჩაანაცვლებენ.

როგორ აფასებენ განვითარებულ მოვლენებს ექსპერტები?

იურისტები ამბობენ, რომ საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს, ზაზა ჩაჩანიძეს ჰქონდა და, თუ ამ სხდომას თავმჯდომარე არ მოიწვევდა, ის არალეგიტიმური იქნებოდა.

„საკრებულოს უმრავლესობას კანონით აქვს უფლება, რომ გამართოს სხდომა თავმჯდომარის გარეშეც, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომის მოთხოვნით მიმართავენ და იგი სხდომას უახლოეს ერთ კვირაში არ ჩანიშნავს“, – აცხადებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ თავმჯდომარის მოადგილის მიერ ჩატარებულის სხდომა ლეგიტიმური ვერ იქნებოდა: „მაშინ ეს სხდომა ჩაჩანიძეს უნდა მოეწვია“.

მისივე თქმით, სამართლებრივად დაუშვებელია სხდომის გაგრძელება, ანუ საკითხის ხელახლა განხილვა იმ შემთხვევაში, თუ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხს კენჭი ეყარა და სხდომა დაიხურა.

„საკრებულოს რეგლამენტში უწერია, რომ საკრებულოს სხდომა იხურება მაშინ, როდესაც საკრებულოს მიერ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მათ შორის, შეიძლება იყოს გადაწყვეტილება მიღებული იმის შესახებაც, რომ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა გადადონ“, – აცხადებს ჩიხლაძე და ამატებს, რომ საკრებულოს საკითხის გადადებაზე არ უმსჯელია, სხდომის დახურვის შემდეგ კი მას ვეღარ გააგრძელებდნენ.

შესაბამისად, მისივე თქმით, იმას, მოაწერს თუ არა საკრებულოს თავმჯდომარე ხელს არალეგიტიმური სხდომის ოქმს, მნიშვნელობა აღარ აქვს: „თავმჯდომარის ხელმოწერა ვერაფერს შეცვლის, არალგიტიმურ სხდომაზე მიღებულ საკითხს ლეგიტიმურს ვერ გახდის“.