ick.ge – „მუნიციპალიტეტების „ქალაქად“ და „სოფლად“დაყოფის საკითხის საჯარო განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო“

466

არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონალური განვითარების სამთავრობო კომისიას, ასევე თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, მცხეთის, ამბროლაურისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებს მიმართავენ, რომ ალტერნატიული წინადადებების განხილვისა და საჯარო დისკუსიის გარეშე, თვითმმართველობის კოდექსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები არ მიიღონ.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საკითხი სამთავრობო კომისიის განცხადებას ეხება, რომელიც თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მათივე თქმით, სამთავრობო კომისიამ რეგიონებში არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მოსახლეობასთან 18 მარტიდან დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა, მუშაობას ხელოვნურად აჭიანურებს და არ სურს, რომ ალტერნატიული ხედვები მოისმინოს.

„2014 წლის 13 მარტს, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, კომისია მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან, თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში. კომისიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, დაეწყო საჯარო კონსულტაციები ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან. კომისიამ გამოთქვა მზადყოფნა, ადგილობრივი მოსახლეობისგან და არასამთავრობო სექტორისგან მიეღო და განეხილა ალტერნატიული წინადადებები. ამ მიზნით 18 მარტიდან კომისია გეგმავდა საჯარო შეხვედრების გამართვას შესაბამის მუნიციპალიტეტებში.

კომისიის განცხადება ჩვენ იმედს გვიტოვებდა, რომ შვიდი მუნიციპალიტეტის „ქალაქად“ და „სოფლად“ მექანიკური დაყოფის გადაწყვეტილება არ იყო საბოლოო და ხელისუფლებას მართლაც სურდა, მოესმინა სამოქალაქო საზოგადოების აზრი“,– ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათი თქმით, მუნიციპალიტეტების ოპტიმიზაციის საკუთარი ხედვა 17 მარტს, „ქორთიარდ მარიოტში“ 60 ცენტრალური და რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა  რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებს და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს გააცნეს. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ აქტიურად ჩართულიყვნენ მოსახლეობასთან და საკრებულოებთან კონსულტაციებში, რაზედაც სამთავრობო კომისიის მხრიდან თანხმობა მიიღეს.

„სამწუხაროდ, ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო, კომისიამ 18 მარტიდან დაგეგმილი შეხვედრები გაურკვეველი ვადით გადადო. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ჩნდება ეჭვი, რომ სამთავრობო კომისია პროცესს ხელოვნურად აჭიანურებს და არ სურს ალტერნატიული ხედვების მოსმენა“, – აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

არასამთავრობოები ითხოვენ, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები და განიხილოს ალტერნატიული წინადადებები.

„მივმართავთ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას და თელავის, ოზურგეთის, ზუგდიდის, გორის, ამბროლაურის, მცხეთისა და ახალციხის მუნიციპალიტეტების საკრებულოებს, არ მიიღონ გადაწყვეტილება ალერნატიული წინადადებების განხილვისა და საჯარო დისკუსიების გარეშე. მოვითხოვთ, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ სასწრაფოდ განაახლოს მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები, სადაც განხილული იქნება ჩვენს მიერ წარდგენილი ალტერნატიული წინადადებებიც.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას მხოლოდ მუნიციპალიტეტების მოსახლეობასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებული გადაწყვეტილება წარუდგინოს საქართველოს პარლამენტს“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას 13 არასამთავრობო ორგანიზაცია უერთდება: სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ასოციაცია „კივიტას გეორგიკა“, ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“, რეგიონის განვითარების ცენტრი, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი, სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, ევროპული ინიციატივა – ლიბერალური აკადემია თბილისი, გორის საინფორმაციო ცენტრი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი, ქალაქების თვითმმართველობათა კავშირი და ეფექტიანი მმართველობითი სისტემების და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრი.

 

იხილეთ რესურსი