gurianews – რას ურჩევს მრჩეველთა საბჭო რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას

479

საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიას უკვე წინადადებებით მიმართა მრჩეველთა საბჭომ, რომელიც თელავის, მცხეთას, გორის, ახალციხეს, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის შესახებ. მრჩეველთა საბჭოში შედიან დამოუკიდებელი ექსპერტები: დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ნოდარ კაპანაძე, დავით ჭიჭინაძე, მიხეილ ჩიტაძე, თემურ თორდინავა, პაატა ჩხეიძე და გაბრიელ მაზმიშვილი.

 

ექსპერტების განმარტებით, საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 151.1 მუხლის თანახმად, შვიდი ახალი თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე უნდა შეიქმნას თვითმმართველი თემები. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ორგვარი გზა არსებობს: 1. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას ერთი თვითმმართველი ერთეული , რომლის ადმინისტრაციული ცენტრი იგივე იქნება და მისი მმართველი ორგანოები კვლავ თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე განთავსდება. აღნიშნული პრაქტიკის მაგალითები არსებობდა XX საუკუნეში, საბჭოთა კავშირის კომუნისტური მმართველობის პერიოდში, როდესაც ერთსა და იმავე დასახლებაში (ქალაქში) იქმნებოდა საქალაქო და სასოფლო რაიონის მმართველი ორგანოები (ქალაქკომები და რაიკომები, საქალაქო და რაიონული საბჭოები თავისი აღმასკომებით). საკითხის ამგვარი გადაწყვეტის არგუმენტაცია შეიძლება მდგომარეობდეს იმაში, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არ შეექმნება პრობლემები სიახლეებთან შეგუების თვალსაზრისით და, საჭიროებისას, კვლავ ტრადიციულ ადგილას მდებარე მმართველ ორგანოებს მიმართავს, მუნიციპალურ ორგანოებში არსებული საკადრო რესურსი გადანაწილდება საქალაქო და სასოფლო მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და გამგეობების აპარატებში, ხოლო ქალაქისა და თემის მმართველი ორგანოები მოახდენენ საკუთარი საბიუჯეტო ასიგნებების ერთგვარ “სპეციალიზაციას” ურბანული და სასოფლო პრობლემატიკის გადაწყვეტის მიმართულებებით, გაადვილებული იქნება ტრანზიციის პერიოდში გამიჯვნასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება. წინა საუკუნის ამგვარი პრაქტიკის აღორძინების შემთხვევაში, იმავდროულად, უნდა იქნას გათვალისწინებული თანმდევი ნეგატიური ასპექტები, როგორიცაა მოსახლეობის გულაცრუება იმის გამო, რომ მათთვის მიმდინარე რეფორმის შედეგად პრაქტიკულად არაფერი შეიცვალა, პირიქით, მოხდა სეგრეგაცია “ქალაქელებად” და “სოფლელებად”.

ეჭვს იწვევს ასევე ერთი თვითმმართველი ერთეულის მმართველი ორგანოების სხვა თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებობის მიზანშეწონილობა და იმ პრაქტიკული სარგებელს მიღების შესაძლებლობის ხელიდან გაშვება, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელების შედეგად შეიძლება იქნას მიღებული საზოგადოების მიერ. 2. თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიის მოსაზღვრის შემდეგ დარჩენილ ტერიტორიაზე რამდენიმე თვითმმართველი ერთეულის შექმნით მოხდება სხვადასხვა ამოცანის ერთდროული გადაწყვეტა: ადგილობრივი გეოგრაფიული პირობებისა და მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებით საზოგადოების ინტერესებზე უფრო მეტად ორიენტირებული ბიუჯეტების მქონე თვითმმართველი ერთეულების შექმნა;

მუნიციპალიტეტის ახალ ადმინისტრაციული ცენტრთან გეოგრაფიულ-სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაზრდა, რაც დაზოგავს როგორც მოსახლეობის ადმინისტრაციაში მისასვლელად საჭირო ფინანსებს, ასევე თავად აპარატის საოპერაციო ხარჯებს: მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობისათვის ახალი მუნიციპალური ცენტრების მისაწვდომობა, ძველთან შედარებით, გამოთვლილ იქნა ძველ და ახალ ცენტრებამდე მისაწვდომობის კოეფიციენტების შედარების გზით.

“გურია ნიუსი” გთავაზობთ მრჩეველთა საბჭოს მიერ წარმოდგენილ წინადადებებს თელავის, მცხეთას, გორის, ახალციხეს, ზუგდიდის, ამბროლაურის, ოზურგეთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოპტიმიზაციის შესახებ.