ჩაჩანიძე: საკრებულოს სხდომა არალეგიტიმური იყო და მერიის თანამშრომლების ხელფასების გაზრდაზე ერთ კვირაში ვიმსჯელებთ

695

წინა სტატია

1 მარტს, ღამის 02:30 საათზე, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ განაცხადა, რომ მერიის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების ხელფასების გაზრდის საკითხზე საკრებულო ერთ კვირაში იმსჯელებს.

ჩაჩანიძე ამბობს, რომ საკრებულოს 28 თებერვლის სხდომაზე აღნიშნულ საკითხს კენჭი უყარეს, თუმცა, საკითხი ჩავარდა. რაც შეეხება ამავე დღის ბოლოს გამართულ მეორე სხდომას, რომელსაც ჩაჩანიძე აღარ ესწრებოდა და რომელზეც აღნიშნული საკითხი 16 ხმით გავიდა, საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, არალეგიტიმურია, ვინაიდან, კანონმდებლობით, რიგგარეშე სხდომის მოწვევა ჩატარებული სხდომიდან 1 კვირის შემდეგაა შესაძლებელი.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ მიიღეს მისმა თანაპარტიელმა (“პატრიოტთა ალიანსი”) საკრებულოს წევრებმა მეორედ გამართულ სხდომაში მონაწილეობა, სადაც მერიის თანამშრომელთა ხელფასების ზრდას დაუჭირეს მხარი, ჩაჩანიძე განმარტავს, რომ მათი ნაწილი პარტიის წევრი არ არის. ამასთან, ამობს, რომ მათ არ იცოდნენ, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო.

ჩაჩანიძე, ასევე, ამბობს, რომ “ქართული ოცნება” საბოტაჟს აწყობს. მისი ინფორმაციით, მმართველი პარტია მუნიციპალიტეტში ყველაფრის გაჩერებას აპირებს, მათ შორის, დასუფთავების სამსახურის, საბავშვო ბაღებისა და ა.შ.

საკრებულოს თავმჯდომარე “ოცნების” ბრალდებასაც, რომ ის “ნაცმოძრაობას” შეეკრა, პასუხობს და აცხადებს, რომ ნიკა მელიას საერთოდ არ იცნობს და წაყენებული ბრალდება აბსურდია.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის თვითმმართველობაში 14 საათის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. სახელისუფლო პარტიას, ოპოზიციასა და მერიის თანამშრომლებს შორის რამდენჯერმე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს. ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ბორჯომის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს და “ქართული ოცნება” უმცირესობაშია, ხოლო მუნიციპალიტეტის მერი “ქართული ოცნების” წევრია.