ბორჯომის მერიის თანამშრომლები შენობაში რჩებიან და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვენ

971

წინა სტატია

ბორჯომის მერიის თანამშრომლებმა, რომლებსაც მთელი დღის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის ოთახი ჩახერგილი ჰქონდათ, ფოიეში გადაინაცვლეს და აცხადებენ, რომ იქამდე არ დაიშლებიან, სანამ საკრებულოს მიერ მიღებულ ოფიციალურ დოკუმენტს არ ნახავენ. ამასთან, მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვენ.

ისინი ითხოვენ, რომ საკრებულომ დამტკიცებული საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების შესახებ დადგენილება მერიაში დღესვე გააგზავნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობას არ დატოვებენ.

საკრებულოს აპარატში კი ამბობენ, რომ დღევანდელ სხდომაზე 30 საკითხი იყო დამტკიცებული და დოკუმენტს ფიზიკურად დღეს ვერ გააგზავნიან.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში მთელი დღის განმავლობაში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. საკრებულოს დილის სხდომა, რომელზეც საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები უნდა დამტკიცებულიყო, ისევ ჩაიშალა, რასაც საკრებულოს შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს მერიის თანამშრომლები, საკრებულოს ოპოზიციური და სახელისუფლებო წევრები დაუპირისპირდნენ.

დღის ბოლოს კი, საკრებულო კიდევ ერთხელ, საკრებულოს თავმჯდომარის გარეშე შეიკრიბა და საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები დაამტკიცა.