ბორჯომის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებაზე ძალადობის მუხლით ძიება დაიწყო

1188

წინა სტატია

დღეს, 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე ბორჯომის რაიონულმა სამმართველომ ძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. 

როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რაიონული სამმართველო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლისს, 1–ლი პრიმა პუნქტის ბე ქვეპუნქტით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ამ წუთებში სამმართველოში იმყოფება საკრებულოს დეპუტატი „ლეიბორსიტული პარტიიდან“ გიორგი გიუაშვილი. როგორც შსს–ში განგვიცხადეს, იგი დაკითხვაზეა.

„ფიზიკურად გამისწორდნენ „ქართული ოცნების“ დეპუტატები. ზეწოლა განხორციელდა ჩემზე“, – განგვიცხადა მან სატელეფონო საუბარში და იმ მოტივით, რომ დაკითხვაზეა, ტელეფონი გაგვითიშა. გიუაშვილს ამჯერად კონკრეტული სახელები და გვარები არ დაუსახელებია, თუმცა, დრის პირველ ნახევარში, მაშინ როცა დაპირისპირება მოხდა, მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ივანე შალუტაშვილმა მუშტი დაარტყა.

საპირისპიროს ამბობს ივანე შალუტაშვილი: „სხდომათა დარბაზიდან რომ გამოვედი, გიუაშვილმა მომაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხელი მომიქნია, ბუნებრივია თავი დავიცავი. მე ჯერ დაკითხვაზე არავის დავუბარებივარ“.

შეგახსენებთ, დღეს სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა საკრებულოს სხდომა ბორჯომში, რომელსაც, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, პირველად დაესწრნენ ‘ქართული ოცნების’ დეპუტატები. ხელფასების საკითხი ვერც დღეს დამტკიცდა, – 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” 11-მა დეპუტატმა დაუჭირა, 15 ოპოზიციონერი დეპუტატის უარის გამო საკითხი ჩავარდა, რასაც ხმაური მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სხდომის დასრულების შემდეგ, მერიის თანამშრომელთა ნაწილმა, სავარძლებით ჩახერგა საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტის შესასვლელი კარი. ისინი თავადაც იქ იმყოფებიან და ამბობენ, რომ იქამდე არ გაათავისუფლებენ შესასვლელს, ვიდრე საკრებულო ხელფასების საკითხს არ გადაწყვეტს. თანამშრომელთა მეორე ნაწილი კი ტრანსფარანტებით – ‘ჩაჩანიძე, ბორჯომის მტერი’, ‘მოღალატე გადადექი’, ‘ჩაჩანიძე პრემია 19 080 ლარი’, ‘ჩაჩანიძე შეეკრა ნაცებს და ნეონაცებს’, ‘ჩაჩანიძემ უღალატა თავის პარტიას’, – მერიის შენობის წინ მართავს აქციას.

ბორჯომის მერიაში მუშაობა პარალიზებულია. ამ დრომდე ისევ კაბინეტში რჩება ზაზა ჩაჩანიძე, – მისი კაბინეტის კარი კვლავ ჩახერგილია სავარძლებით.

ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ბორჯომის საკრებულოს ხელახალი არჩევნების საჭიროებაზე ალაპარაკდა.

წყარო: სამხრეთის კარიბჭე