დაბა ურეკში სანაპირო ზოლის რეაბილიტაცია იგეგმება

1714

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ოსიკო თოთიბაძემ, არქიტექტურის განყოფილების უფროსმა, თამაზ ლომჯარიამ და სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის განყოფილების უფროსმა მამია მახარაძემ შპს “კარკასის “ წარმომადგენლებთან ერთად დაბა ურეკში ის ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, აღნიშნული მასშტაბური პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.

“ამ ეტაპზე, შპს “კარკასი“ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას იწყებს, რომელიც ურეკის ცენტრალურ ნაწილში შესასვლელი გზის რეკონსტრუქციას, ტროტუარების მოწყობასა და განათებას, ასევე, ბულვარის პარალელურად სანაპიროს პირველი და მეორე ზოლის ქუჩების რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. რეაბილიტაცია სანაპიროზე ჩასასვლელი საფეხმავლო გზებისა და განათების მოწყობას, ბულვარის გამწვანებას, სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსებას, საზოგადოებრივი სან-კვანძებისა და საშხაპეების მოწყობასაც გულსხმობს. სხვადასხვა სახის აქტივობებისათვის პლაჟსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა სათამაშო მოედანი მოეწყობა. საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება ივნისში დასრულდება, რის შემდეგაც მუნიციპალური განვითარების ფონდი ტენდერს დაბა ურეკში პროექტით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოებზე გამოაცხადებს”,-წერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.