ipn – არასამთავრობოები ხელისუფლებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმას სთავაზობენ

413

არასამთავრობოები ხელისუფლებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმას სთავაზობენ და პროცესში მოსახლეობის ჩართულობას ითხოვენ. როგორც “ინტერპრესნიუსს” ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოდან” აცნობეს, დღეს, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაციებმა რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წევრებთან და მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად თვითმმართველობის რეფორმაზე იმსჯელეს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაში 60-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
შეხვედრა წარმოადგენდა სამოქალაქო საზოგადოების რეაგირებას 2014 წლის 13 მარტს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, კომისია “მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში”.
ფონდის ინფორმაციით, არასამთავრობოთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეფორმას ისედაც ეტაპობრივად გამოეცალა მოქალაქეთა ჩართულობის, სამხარეო თვითმმართველობის, ზიარი გადასახადების შემოღების და სხვა მნიშვნელოვანი ელემენტები. დღეს კი, ცნობილი ხდება, რომ მთავრობა თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ აღარ აპირებს გააგრძელოს ოპტიმიზაციის პროცესი.
“გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის და ადმინისტრაციული ცენტრების ისევ თვითმმართველ ქალაქებში დატოვება ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების და მოსახლეობის დაახლოებას, რაც რეფორმის მთავარი მიზანი უნდა გამხდარიყო”, – განაცხადა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების პროგრამის მენეჯერმა თინათინ ბოლქვაძემ.
საქართველოს რეგიონულ სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის დავით ლოსაბერიძის აზრით, ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული მოდელის მიღების შემთხვევაში არსებული სასოფლო დასახლებების მოსახლეობისათვის რეფორმის შედეგად პრაქტიკულად არაფერი შეიცვლება; კვლავ ვერ იქნება გათვალისწინებული კონკრეტული ადგილობრივი/ ზონალური ინტერესები; ვერ შეიქმნება ახალი კულტურული, ეკონომიკური და სოციალური მიზიდულობის ცენტრები გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე; ვერ შეიქმნება პირობები ადგილობრივი ლიდერების გამოვლენისთვის.
შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორმა თვითმმართველი ქალაქების ირგვლივ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკუთარი ვერსია წარმოადგინა, სადაც ფონდის მტკიცებით, მაქსიმალურად არის დაცული ბალანსი დემოკრატიასა და ეკონომიკურ შესაძლებლობებს შორის.
არასამთავრობებმა ორი ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს: 1. საქართველოს ხელისუფლებამ განიხილოს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის გეგმა; 2. ადგილებზე ტერიტორიული მოწყობის განხილვების პროცესში უზრუნველყოფილი იყოს არასამთავრობო სექტორის და მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა.
შეხვედრაზე არასამთავრობოების მხრიდან დაისვა შეკითხვები, თუ რამდენად თანმიმდევრულია ხელისუფლება რეფორმის განხორციელების დროს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა განაცხადა, რომ სწორედ ხვალიდან იწყება მოსახლეობასთან შეხვედრის პროცესი, სადაც გამოთქმული მოსაზრებები რეფორმის განხორციელების პროცესში გადამწყვეტი იქნება.

 

იხილეტ რესურსი