გურია ნიუსი – თვითმმართველობის რეფორმა – “საჯილდაო ქვა” არჩევნების წინ

568

თვითმმართველობის რეფორმის მეორე ეტაპი, რომელიც გარდამავალ დებულებებში მოცემულ ვალდებულებათა შესრულებას გულისხმობს, შესაძლოა, არასწორად წარიმართოს. საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი აცხადებს, რომ თვითმმართველი თემების ფორმირების საკითხი, მთავრობის ინიციატივით, არაფერს ცვლის და მოსახლეობა თვითმმართველობას ვერ დაუახლოვდება. რეგიონული განვითარების სამინისტროსთან არსებული სამთავრობო კომისიის წარმომადგენლები კი აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ყველაფერი მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებს, პარლამენტის, მთავრობისა და მედიის წარმომადგენლებს შორის დისკუსია გაიმართა, თუმცა რა კონკრეტული შედეგი დაიდება და როდის მიიღებს სამთავრობო კომისია პარლამენტისთვის გასაგზავნ დოკუმენტს, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია, ზემოთ აღნიშნულ საკრებულოებსა და მოსახლეობას სთავაზობს თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შედეგად დარჩენილ ტერიტორიაზე არსებულ დასახლებათაგან თითო თვითმმართველი თემის შექმნის შესაძლებლობის განხილვას, ადმინისტრაციული ცენტრებით თვითმმართველ ქალაქებში.  10 მარტს კომისიამ განიხილა გორის, თელავის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ახალციხის, ამბროლაურისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი და მიიღო გადაწყვეტილება, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები  მუნიციპალიტეტების საკრებულოებთან და მოსახლეობასთან დაიწყოს.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი მიიჩნევენ, რომ ასეთი მოდელი ვერ შექმნის თვითმმართველობის ისეთ სისტემას, რომელიც მოსახლეობას დააახლოვებდა თვითმმართველობასთან და მისცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიეღო ადგილობრივ გადაწვეტილებათა მიღების პროცესში;  ვერ შექმნის საჭირო პირობებს ადგილობრივ ინტერესებზე ორიენტირებული თვითმმართველობის შექმნისთვის;  ვერ შექმნის ახალ კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ მიზიდულობის ცენტრებს გეოგრაფიულად და ინფრასტრუქტურულად ურთიერთდაკავშირებულ ტერიტორიებზე; ვერ შექმნის საჭირო პირობებს სოფლის განვითარებისა და ადგილობრივი ლიდერებისა და კვალიფიციურ საჯარო მოხელეთა ზრდისთვის.

შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, კომისიის მიერ შემოთავაზებული მოდელის დამტკიცების შემთხვევაში ცხადი გახდება, რომ რეფორმის პირველ და მეორე ფაზებად დაყოფა ხელოვნურია და ხელისუფლებას არ აქვს ნება და უნარი, შექმნას რეალური თვითმმართველობის განხორციელების საფუძვლები.

სიდა-ს თავმჯდომარე ზვიად დევდარიანი “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ სამთავრობო კომისიის მიერ შემოთავაზებული მოდელით მოსახლეობისთვის  არაფერი იცვლება.

“სამთავრობო კომისიამ წარმოადგინა თავისი ხედვა ტერიტორიული  ოპტიმიზაციის საკითხთან დაკავშირებით. საუბარია იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმმართველი ქალაქები წარმოიშვა დარჩენილ ტერიტორიაზე კი თითო თვითმმართველი ერთეული შეიქმნას. ვსვამთ კითხვას რა არის ცვლილება ამაში და რა სარგებელს მიიღებს სოფლის მოსახლეობა. მიგვაჩნია, რომ თუ ამ მიმართულებით უფრო თამამი ნაბიჯები არ გადაიდგა,  საუბარი კოდექსის კოდექსის წარმატებულობაზე და თვითმმართველობის კუთხით სერიოზული რეფორმის განხორციელებაზე ვერ იქნება. საუბარია რომ მუნიციპალიტეტ გორში იქნება ქალაქი გორი, როგორც თვითმმართველი ერთეული, ხოლო დარჩენილ ტერიტორიაზე შეიქმნას ერთი ტერიტორიული თვითმმართველობა.  ასე იყო საბჭოთა პერიოდში, იყო ქალაქი გორი და იყო გორის რაიონი. ვთვლით, რომ ამ პირობებში ე.წ. რაიონის, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა რაიმე სარგებელს ვერ მიიღებს. თუ რეალურ თვითმმართველობაზეა საუბარი, ცვლილებები სოფლის მოსახლეობას უნდა შეეხოს. ან უნდა ვისაუბროთ იმაზე რომ სოფლის დონეზე შემოვიდეს თვითმმართველი ერთეული, ან მეორე გეგმაა ის, რომ მუნიციპალიტეტი დაიყოს არა ერთ, არამედ, რამოდენიმე ერთეულად რომ სოფლის მოსახლეობას ჰქონდეს მეტი წვდომა თვითმმართველობასთან”, _ აცხადებს დევდარიანი.

თუმცა, საწინააღმდეგოს ფიქრობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე და სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი.

“სამთავრობო კომისიამ ამ საკითხის განხილვა დაიწყო, თუმცა არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, გვაქვს მხოლოდ ვერსიები და ხვალიდან დავიწყებთ ამ ვერსიების გაცნობას საზოგადოებისთვის თითოეულ მუნიციპალიტეტში. როცა ყველა საკითხს განვიხილავთ, თვის ბოლოს საბოლოო გადაწყვეტიელას დადებს კომისია, რომელსაც შემდეგ პარლამენტი დაამტკიცებს. გადაწყვეტილება მიღებული რომ იყოს, დღევანდელი შეხვედრაც არ ჩატარდებოდა და არც ის 30 შეხვედრა იქნება რაც ხვალიდან უნდა დავიწყოთ. არ ვიცი, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ თითქოს გადაწყვეტილება უკვე მიღებული გვაქვს. რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისია, რომელმაც წინადადება უნდა შესთავაზოს მთავრობას, ხვალიდან გეგმავს 30 სოფელში შეხვედრების ჩატარებას, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებულია, ამასაც არ გავაკეთებდით”, _ აცხადებს შერგელაშვილი.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებული ვარიანტი, რომ თვითმმართველი ქალაქის გამოყოფის შემდეგ რამდენიმე თვითმმართველი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდეს, მისთვისაც მისაღებია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად მოესწრება ამ ძირეული რეფორმის განხორციელება თვითმმართველობის არჩევნებამდე.

“ჩემი პოზიციაა, რომ მოსახლეობა კიდევ უფრო მიუახლოვდეს ადვილობრივ თვითმმართველობას. მეტი ჩართულობა იყოს და ა.შ. მაგრამ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ უნდა გავითვალისწინოთ რა დრო დაგვრჩა არჩევნებამდე. სამ თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ყველა ის გათვლა კი, რაც არასამთავრობოებმა წარმოადგინეს, ჩემი მოლოდინია, რომ ასეთ მოკლე დროში ამ ცვლილების განხორციელებას ვერ მოვასწრებთ. დარწმუნებული ვარ ჩვენი უცხოელი კოლეგები ასეთ ფუნდამენტურ ცვლილებაზე, ტეროტორიული მოწყობის თვალსაზრისით, არჩევნებამდე სამი თვით ადრე ხელებს გაასავსავებდნენ და არ დათანხმდებოდნენ. ჩვენ გვჭირდება კარგად გააზრებული და გათვლილი ტერიტორიული მოწყობა. თუმცა, ჩემი აზრი თვითმმართველობის კიდევ უფრო მიახლოებაზე მოსახლეობასთან 800-900 ერთეულის შექმნას გულისხმობს და არა 31-სას როგორც ეს აქ არის წარმოდგენილი, მაგრამ ამ ეტაპზე ამის განხორციელება ვერ მოესწრება და დროის ამბავია”, _აღნიშნა შეხვედრისას ჟორჟოლიანმა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ თუ ყველა საკითხის განხილვა მომავლისთვის გადაიდო , “ხელში მხოლოდ პირდაპირი გზით არჩეული გამგებლები და მერები შეგვრჩება”.

როგორც “ეფექტიანი მმართველობით სისტემებისა და რეგიონების ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის” (CEGSTAR) დირექტორი დავით ჭიჭინაძე „ გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, თუ ხელისუფლება არაფრის შეცვლას არ აპირებდა, მაშინ თვითმმართველი ქალაქებიც არ უნდა გამოეყო მუნიციპალიტეტებისგან, რადგან შემოთავაზებული ვარიანტით მოსახლეობა თვითმართველობას კიდევ უფრო შორდება.

“დღევანდელი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თვითმმართველობას როგორც თემას, საბოლოოდ დაადგებოდა საშველი და “საჯილდაო ქვა” არ იქნებოდა არჩევების წინ ვის რამდენი სკამი უნდა შეხვდეს საკრებულოში და გამგეობაში და მოქალაქეზე ორიენტირებული იქნებოდა. ეს უნდა დაწყებულიყო უფლებამოსილებების დეცენტრალიზაციით და დეკონცენტრაციით, რაც იმ დოზით ვერ აისახა კანონში, როგორც საჭირო იყო. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა ამ ამბიციური გეგმიდან არის ის, რომ ძალიან ბევრი გვინდოდა და საბოლოოდ ძალიან ცოტას ვიღებთ. მესმის რომ ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო ამ რეფორმაში, მაგრამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ვერ ვიღებთ. არ ვიცით კრიტერიუმები, რის მიხედვით შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს თვითმმართველი ერთეულები. ახლა ამბობენ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ისე უნდა დარჩეს, როგორც არის, ასევეა საუბარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტზე და ა.შ. მაშინ საერთოდ რისთვის გავყავით, მაგალითად, ქალაქი თელავი თელავის მუნიციპალიტეტისგან?  _ თუ ჩვენ არ ვაპირებდით არაფრის გაკეთებას, ის უკეთესი ვარიანტი იყო. რის გამოც რეფორმა დაიწყო, ისევ ის გამოწვევები რჩება მოსახლეობის წინაშე და არაფერი არ იცვლება, თუ სამთავრობო კომისია ასეთ ვარიანტს წარუდგენს პარლამენტს და ეს გადაწყვეტილება კანონმდებლების მხრიდანაც გაფორმდება”, _ აცხადებს ჭიჭინაძე.

შეგახსენებთ, რომ სამთავრობო კომისია მოსახლეობასთან შეხვედრებს და კონსულტაციებს ხვალიდან გამართავს, ამის შემდეგ კი მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.

 

იხილეთ რესურსი