ასოცირების ხელშეკრულება და რეგიონული განვითარება

1654

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულება, რეგიონული განვითარების თვალსაზრისით, ითვალისწინებს ღარიბი მუნიციპალიტეტების განვითარებას, თვითმმართველობის პოლიტიკის ფორმულირებას და პროცესების მართვისას დაინტერესებული მხარეების აქტიურ ჩართვას.

ექსპრეტები ამბობენ, რომ ევროკავშირის რეგიონული განვითარება აქცენტს აკეთებს სამ უმთავრეს ფაქტორზე: რეგიონული უთანასწორობის აღმოფხვრაზე, კონკურენტუნარიანობის ზრდასა და დასაქმებაზე. რეგიონის განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლიზი სოფრომაძე მიუთითებს, რომ რეგიონულ განვითარებაში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება.
„საქართველოს ხელისუფლებამ აღიარა, რომ რეგიონებს შორის უთანაბრობას უნდა უპასუხოს გარკვეული პოლიტიკით. საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობს ევროსაბჭოსთან და სხადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა გააზრებული პოლიტიკის და პროგრამების ჩამოყალიბება მოხდეს ქვეყნის რეგიონების გათანაბრებისა და მათი ერთმანეთთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით“, – აღნიშნავს ლიზი სოფრომაძე.

ექსპერტი კოტე კანდელაკი საუბრობს საქართველოში რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე, რომელიც მთავარ პრინციპებს – რეგიონებს შორის თანასწორობასა და ადგილობრივი თემების ეკონომიკურ კეთილდღეობას ეფუძნება. კანდელაკი ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის პარალელურად, საქართველოს ყველა რეგიონისთვის დაიწერა განვითარების სტრატეგიები, რომელთა საფუძველზე მიმდინარე წელს იგეგმება სამოქმედო გეგმების შემუშავება.

“ამ ეტაპზე შემუშავების პროცესშია რეგიონული განვითარების სახელმწიფო სტრატეგია. ჩვენთან რეგიონების მნიშვნელობა კარგად არ არის გააზრებული. რეგიონული განვითარების მთავარი პრინციპია რეგიონების თანასწორი განვითარება. ევროპულ ქვეყნებში რეგიონალიზმისა და რეგიონის მნიშვნელობა ძალიან მაღალ დონეზეა. პოლონეთის გამოცდილებაა ჩვენთვის ძალიან კარგი. პოლონეთში წარმოდგენილია როგორც თვითმმართველი რეგიონი ასევე, ცენტრალური ხელისუფლება. რეგიონული ხელისუფლება დამოუკიდებელია და საკუთარი კომპეტენციები აქვს“, – აცხადებს კოტე კანდელაკი.

ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, რეგიონული განვითარების მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტებმა გარკვეული ფინანსური წვლილი უნდა შეიტანონ. ევროკავშირში რეგიონული განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და მთლიანი ბიუჯეტის მესამედი – 351 მილიარდი ევროა გათვალისწინებული.

„ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს რეგიონული განვითარების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს შორის პარტნიორობის კონსოლიდაციას; და თანადაფინანსებას რეგიონული განვითარების პროგრამების დაპროექტების განხორციელების პროცესში ჩართული სუბიექტების მიერ ფინანსური წვლილის შეტანის გზით. რეგიონული განვითარების მიმართულებით, ასოცირების ხელშეკრულებაში რაიმე კონკრეტული დირექტივა, რომელთანაც ჩვენი კანონმდებლობა უნდა დაახლოვდეს, არ არსებობს. ევროპაში რეგიონული განვითარება ეფუძნება იმას თუ რა დონეზე აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას დამოუკიდებლობა, რამდენად შეუძლია ადგილობრივ დონეზე ბიუჯეტის განკარგვა“, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ექსპერტების მოსაზრებით, რეგიონული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის არსებობა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა საშუალოვადიანი პერიოდისთვის, რომელიც მოიცავს ფინანსური რესურსის მოძიების კონკრეტულ გზებს და მათი გადანაწილების პრინციპებს.

სტატია მოამზადა “კახეთის ხმამ”.