ქუთაისის მერია ბაღების მიშენების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სასამართლოში უჩივის

776

ერთ ლარად მოგებული ტენდერები სასამართლო დავის მიზეზი გახდა. გასული წლის მაისში შოთა მურღულიას მერობის პერიოდში გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები შეწყვიტა, რის გამოც მერიის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ კომპანიას სასამართლოში უჩივლა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელებს.

საქმე ეხება ქუთაისში ჩკალოვის ქ. №3-ში მდებარე №33 და ბუხაიძის ქუჩის №7-ში მდებარე №15 საბავშვო ბაღებზე ახალი კორპუსის მიშენების სამუშაოებს, სადაც გასულ წელს ტენდერში შპს “ახალშენმა” გაიმარჯვა.

მას ხელშეკრულებით,  165 დღეში ორივე ბაღზე მიშენების სამუშაოები უნდა დაესრულებინა. თუმცა კომპანიამ ორივე ვალდებულება შეწყვიტა და სამუშაოები მიატოვა, რის გამოც მას #33-ე ბაღთან დაკავშირებით 158 000 ლარიანი და #15-ე ბაღზე 148 000 ლარიანი პირგასამტეხლო დაეკისრა.

#33 -ე ბაღის მიშენების სამუშაოებისთვის მერიამ 252 850 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. შპს „ახალშენმა“ მშენებლობაზე მზაობა  197 230 ლარად განაცხადა და ერთი ლარით მოუგო ქუთაისურ კომპანია შპს „გი-ან 2011“-ს, რომელიც საკრებულოს ამჟამინდელი დეპუტატის ამირან კოპალეიშვილის ოჯახის კომპანიაა. ზუსტად ერთი ლარით გაიმარჯვა „ახალშენმა“ მეორე ტენდერშიც და იქაც „გი-ან 2011“ დაამარცხა. „ახალშენმა“ 15-ე ბაღზე მშენებლობისთვის 253735 ლარიან ტენდერში 184 999 ლარად გაიმარჯვა.

ტენდერშის თანახმად, რომ შპს „გი-ან 2011“-ს  დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მიეცა. ორივე ბაღზე სამუშაოები კომპანიამ  სექტემბერში შეწყვიტა. როგორც მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილე მირზა ხიდაშელი განმარტავს, კომპანიამ მხოლოდ შესრულებული სამუშაოების შესაბამისი თანხა მიიღო და ამ შემთხვევაში მერიას ფინანსური ზარალი არ განუცდია, თუმცა დაკარგა დრო და ბაღებზე მიშენებების დასრულებისთვის განმეორებით ტენდერი გამოაცხადა.

მშენებლობაზე სამუშაოების გასაგრძელებლად 344 000 ლარი გაიხარჯება.