გურჯაანის სოფელ ზემო კაჭრეთში ახალი სკოლა აშენდება

623

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში საჯარო სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

წინასწარი შეფასებით, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლისთვის 2 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. დაინტერესებულმა კომპანიებმა წინადადებები 2 მარტიდან უნდა წარადგინონ. სამშენებლო სამუშაოები კი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ წელში უნდა დასრულდეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, სკოლა ერთი წლის წინ დაანგრიეს, სანაცვლოდ სოფელს ზოგადსაგანმანათლებლო ახალი დაწესებულების აშენებას დაჰპირდნენ, თუმცა მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

სკოლა რაც გვქონდა დაგვინგრიეს, გვითხრეს შენობა ავარიულიაო, სანაცვლოდ ახალი სკოლის აშენებას დაგვპირდნენ, თუმცა აქამდე სამუშაოები არ დაწყებულა. ჩვენი შვილები სოფელ კაჭრეთის სკოლაში დადიან. მართალია ბავშვებს ტრანსპორტით უზრუნველყოფენ, მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი მოსაწავლე იყო, 2 ცვლიანი სასწავლო პროცესი შემოიღეს. ძალიან რთულია მეორე სოფლის სკოლაში სიარული. ამას ჯობდა ისევ ძველი შენობა გაერემონტებინათ”,  თქვეს სოფელ ზემო კაჭრეთის მაცხოვრებლებმა.

ირკვევა, რომ მშენებლობის შეფერხების მიზეზი მთავრობის მიერ ახლდამიღებული 41-ე დადგენილებაა, რომელიც მშენებლობის პროექტში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის გათვალისწინებას ითვალისწინებს.