MediaMall.ge – თვითმმართველობის ნაჩქარევი რეფორმა გაუგებრობებისთვის არის განწირული

502

პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტის მეორე მოსმენით განხილვა იწყება. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტით რეგულირდება ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ორგანიზებასთან, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებებთან და მის ორგანოებთან, დედაქალაქის სტატუსთან და მის უფლებამოსილებებთან დაკავშირებული საკითხები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობასთან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან, სახელმწიფო ზედამხედველობასთან, აუდიტთან და პირდაპირ სახელმწიფო მმართველობასთან და მუნიციპალიტეტთა რეგიონულ გაერთიანებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ცვლილების თანახმად, არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქს დაემატება დღევანდელი სამხარეო ცენტრების, კიდევ, 7 ქალაქი და სულ, 12 თვითმმართველი ქალაქი იქნება, სადაც მერები პირდაპირი წესით აირჩევიან.

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტიდან უკვე ამოღებულია ცნობილი მეშვიდე კარი, რომელიც უკავშირდებოდა სამხარეო-რეგიონულ დონეზე მუნიციპალიტეტების საბჭოების შექმნას, ამ საკითხს არასაპარლამენტო ოპოზიცია პირდაპირპროპორციულად უკავშირებდა სეპარატიზმის საფრთხის გაღვივების პერსპექტივას ქვეყანაში.

ხელისუფლებამ საზოგადოების დიდი ნაწილის შენიშვნები გაითვალისწინა და თვითმმართველობების შესახებ კოდექსის პროექტში ეს შენიშვნები ასახა. მიუხედავად ამისა, როგორც არასაპარლამენტო ოპოზიცია და ექსპერტთა ერთი ნაწილი აცხადებს, ბევრი საკითხი კვლავ გაურკვეველი რჩება.

არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება საკითხი, თუ რა ელის თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ იმ თემებს, სოფლებს, რომლებიც დღეს ამ ქალაქებზე არიან მიბმულნი.

გაითვალისწინებს თუ არა ექსპერტთა შენიშვნებსა და მოსაზრებებს ხელისუფლება, ეს კანონპროექტის მუხლობრივი მოსმენისას გაირკვევა, თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ასეთ მოკლე დროში სრულფასოვანი კანონის შექმნა შეუძლებელია.

ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ უმჯობესი იყო, ჯერ, ეკონომიკური გათვლები მომზადებულიყო და აქედან გამომდინარე მომზადებულიყო პროექტი.

„ეს რომ ყოფილიყო ეკონომიკურად გამიჯნული და მომზადებული, მაშინ რატომაც არა. როგორც ვფიქრობ, ამ კანონპროექტის ავტორებს განწყობა ჰქონდათ, რომ მოდით, ჯერ დაგვიმტკიცეთ პრინციპები და ხედვა, როგორ გაიყოფა მუნიციპალიტეტები, რა ფარგლებში, რა ფინანსური და ეკონომიკური ბაზისი ექნება, ამაზე ვიმსჯელოთ მერე“,- აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე განმარტებით, მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც შედგება ადგილობრივი გადასახადებისგან, მოსაკრებლისგან – ადგილობრივ ბიუჯეტს უნდა გააჩნდეს საკუთარი ფინანსების მობილიზების საშუალება.

როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც კი, მაგალითად იტალიაში, რომელიც მაგალითად, ეკონომიკური განვითარების დონით გერმანიისგან და საფრანგეთისგან განსხვავდება, ადგილობრივ ბიუჯეტებში ადგილობრივი გადასახადების წილი დაახლოებით 15%-ია. ეს ჩვენზე ბევრად მეტია, მაგრამ ზოგადად, საკმაოდ მცირეა – იტალიის ადგუილობრივი ბიუჯეტის 85%-ს ცენტრალური ბიუჯეტი ავსებს. ანალოგიური მდგომარეობაა ევროპის ბევრ ქვეყანაში, და 30-33%-ის ფარგლებში მერყეობს ადგილობრივი შემოსავლების წილი ადგილობრივ ბიუჯეტებში. თითზე ჩამოსათვლელი ქვეყნებია, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი, დანია, სადაც 75%-ია ადგილობრივი შემოსავლები ბიუჯეტებში და მხოლოდ 25%-იან დოტაციას იღებენ ცენტრალური ბიუჯეტიდან.

„საქართველოს შემთხვევაში რა შეიძლება ითქვას, როდესაც ლაპარაკია იმაზე, რომ ძირითადი გადასდახადი, რაც მიიმართება ადგილობერივ ბიუჯეტში, ეს არის ქონების გადასახადი, საუბარია იმაზეც, რომ საშემოსავლო გადასახადიც ნაწილობრივ მიიმართოს.

როდესაც ქალაქი გამოიყოფა, ძალიან კარგია ამ ქალაქისთვის, რომ მისი შემოსავლები მასვე მოხმარდება და არ ექნება ჩამოკიდებული სოფლები და დაბები, რომლებიც მასთან ერთად იყო მუნიციპალიტეტებში გაერთიანებნული, მაგრამ იმ სოფლებმა დაბებმა რა უნდა ქნან? რა ქონების გადასახადზეა საუბარი სოფლად? ეს გადასახადი ხომ ძირითადად ბიზნესმა უნდა გადაიხადოს და საინტერესოა, სოფლად რა ბიზნესებზეა საუბარი“? – აცხადებს ლაგაზიძე.

მისივე შეფასებით, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადის ნაწილს, ერთადერთი, ვინც ხელფასს იღებენ, ეს არის სკოლები და ის საბიუჯეტო უწყებები, რომელიც წარმოდგენილია სოფლად. ეს კი ძალზე მცირე თანხებს შეადგენს.

„ამიტომ ვთვლი, რომ ჯერ უნდა წარმოდგენილიყო ეკონომიკური დასაბუთება ამ დაყოფის და ქალაქების გამოყოფის (ბუნებრივია არა მხოლოდ ეკონომიკური დასაბუთება). საინტერესოა, რა წყაროებით შეძლებს, რომ შემოსავლების 10% მაინც უზრუნველყონ ადგილობრივმა ბიუჯეტებმა. ხომ უნდა გაითვალოს ვის რისი საშუალება ექნება?! ამის გარდა, კიდევ, უამრავ ფაქტორზეა საუბარი, მაგალითად ეთნიკური კუთხით მოსალოდნელ რისკებზე და ა.შ“.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მამუკა ჟღენტი თვლის, რომ სერიოზულ პრობლემად რჩება თვითმმართველი ქალაქების გამოყოფის შემდეგ ცალკე დარჩენილი თემების ბედი.

„თვითონ თვითმმართველი ქალაქებისთვისაც პრობლემები შეიქმნება. გარდა იმისა, რომ სახელს შეიძენენ და იქაური მკვიდრები გახდებიან ქალაქელები, სხვა რა პოზიტივს შეიძენენ, მკვეთრად განსაზღვრული და გაწერილი არ არის. ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო: მაგალითად, ოზურგეთში არის 4 სასაფლაო – 2 უშუალოდ ოზურგეთში და ორი – ქალაქგარეთ. რეფორმის შედეგად, ეს ორი სასაფლაო, რომელიც ქალაქგარეთაა სხვა მუნიუციპალიტეტში ჰყვება. რა პრობლემები შეიქმნება, ეს ადვილად წარმოსადგენია.

სხვა მაგალითი: თელავის ძირითადი შემოსავლები ღვინის ქარხნებია, რომლებიც მიმდებარე სოფლებშია განლაგებული. ეს სოფლები ცალკე თემად თუ ჩამოყალიბდება, საინტერესოა, რა შემოსავლები რჩება თელავს? სამაგიეროდ თელავშია მუსიკალური სკოლა, ალბათ, მუსიკალური სკოლა ყარაჯალაში ვერ გაიხსნება რაღაც პერიოდი და ვისაც მუსიკალური სმენა აქვს, თელავში მოუწევს სიარული. ამის ხარჯებს, ანუ ყარაჯალელების დახარჯულ ფულს მიიღებს არა ყარაჯალა, არამედ თელავი. არა მხოლოდ გამოსული თემების, არამედ ქალაქების ბედიც საკმაოდ გაურკვეველი რჩება. იდეას მივესალმები, მაგრამ ნაჩქარევია“,- აცხადებს მამუკა ჟღენტი.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ მას შემდეგ რაც ცვლილებები შევიდა, ბევრი არაფერი რჩება რეფორმიდან.

„საუბარია მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებზე, გაიზარდა მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა. რეალურად რა მივიღეთ, ვერ გეტყვით, ეს კანონპროექტი თვითმმართველობისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად არ აღიქმება და ვემხრობი იმ აზრს, რომ კანონის ამ ფორმით მიღებას – მხოლოდ 7 თვითმმართველი ქალაქი შემატებოდა საქართველოს, ჯობდა, არსებული დარჩენილიყო, ჩაგვეტარებინა ეს არჩევნები არსებული წესით და შემდეგი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგვედო სრულფასოვანი, შეთანხმებული კოდექსი“,- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ შეიძლებოდა სხვაგვარი მოდელებიც შემოეთავაზებინათ.

„ამ შემთხვევაში არჩევითობას ვგულისხმობ და არა ტერიტორიულ მოწყობას – ეს პრობლემები გამოიწვია იმან, რომ ერთობლივად ძალზე ამბიციური მიზნები დაისახეს – გარდა არჩევითობისა, ტერიტორიული რეფორმის ჩატარებაც მოინდომეს, თანაც აბსოლუტურად დაუსაბუთებლად.

რაც უფრო აქტუალურია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, ვგულისხმობ მერების არჩევითობას, იმდენად დაუსაბუთებელია და გაუგებარი ამ ტერიტორიული რეფორმის დაჟინებული მოთხოვნა კანონპროექტის ავტორებისგან“,- აცხადებს ლაგაზიძე.

როგორც მამუკა ჟღენტი განმარტავს, მომავალ წელს ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი, მასში გათვალისწინებნულია მუხლები, სადაც არის კონკრეტული მოთხოვნები.

„ასევე გასათვალისწინებელია ევროპული ქარტიის მოთხოვნები ადგილობრივი მმართველობების შესახებ, რომელიც ჩვენი მხრიდან რატიფიცირებულია. ეს არის ძირითადი დოგმები, რომელიც არეგულირებს ევროპაში თვითმმართველობის საკითხებს. არ შეიძლება ამ კოდექსის ისე მიღება, რომ არ გავიაროთ ექპერტიზა ევროპის საბჭოში. იმიტომ, რომ მერე არა მხოლოდ კანონის აღსრულებისას შეგვექმნება პრობლემები, არამედ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის თვალსაზრისითაც“, – აცხადებს მამუკა ჟღენტი.

ხელისუფლება თვლის, რომ ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობასთან დაკავშირებით პრობლემები არ არის მოსალოდნელი, რადგან კანონპროექტი ვენეციის კომისიამ განიხილა.
„არაფერი არ განუხილავს, გადაგზავნილია ევროპის საბჭოში და როგორც ვიცი, ვენეციის კომისიამდე არ არის მისული. რომ იყოს კიდეც, მარტამდე ისინი ჩვენ დასკვნას ვერ მოგვცემენ. თუ მარტში გვექნება დასკვნა, საინტერესოა, ივნისში არჩევნებს როგორ ვატარებთ? მინიმუმ 6 თვე მაინც ხომ უნდა იყოს გასული კანონის მიღებიდან. ბოლოს და ბოლოს, რეკომენდაციაც გვაქვს, რომ თუ საჭირო იქნება, გადავდოთ კიდეც ეს არჩევნები“, – აცხადებს მამუკა ჟღენტი.

ხელისუფლება იმასაც ამბობს, რომ ის რაც ხორციელდება არის მხოლოდ დიდი რეფორმის ნაწილი.
„საფრანგეთს ათწლეულები დასჭირდა ამ რეფორმის გასატარებლად და ჩვენ რამდენიმე თვეში, რა თქმა უნდა, ვერ მოვახერხებთ. უკეთესია, ნელ-ნელა და ეფექტურად გავაკეთოთ ყველაფერი, ვიდრე ჩავდოთ დებულებები, რომელიც ისევ შესაცვლელი გაგვიხდება, დამატებით გაუგებრობებს და არეულობას გამოიწვევს. რატომ ეჩქარებათ ასე, ვერ ვხვდები“,- აცხადებს მამუკა ჟღენტი.

როგორც ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს რეფორმა მთლიანობაში, კონცეპტუალურად უნდა იყოს გააზრებული.
„თუ ეს, რაც კეთდება, რეფორმის შემადგენელი ნაწილია, მაშინ ეს მთლიანობა უნდა ვიცოდეთ. ჯერჯერობით, რაღაც ნაწილზე შეთანხმდნენ, დანარჩენ ნაწილში რა მოხდება კაცმა არ იცის. ბოლოს და ბოლოს, ხელისუფლებას შეუძლია, აიღოს პასუხისმგებლობა და გააკეთოს ის, რასაც თვლის საჭიროდ. მერე რა, რომ კონსენსუსი ვერ მოხდებოდა, თუ ყველაფერში ყველასთან კონსენსუსი ვეძიეთ, მაშინ ეს პოლიტიკა აღარ არის. ამიტომ ვთვლი, რომ უმჯობესი იყო, ჯერ მთლიანობაში დაგვენახა რას ვაკეთებთ და მერე მისი განხორციელება მომხდარიყო ეტაპიბრივად“, – თვლის ძაბირაძე.

მამუკა ჟღენტის შეფასებით, უმჯობესია, ხელისუფლებამ შენიშვნები მტკივნეულად არ მიიღოს და მისი პოლიტიზირება არ მოახდინოს, რადგან სრულფასოვანი კანონის შექმნას სერიოზული მუშაობა სჭირდება.
მამუკა ჯღენტის შეფასებით, როდესაც გუბერნატორს, როგორც თვითმმართველობის ნაწილს ტოვებენ, აქ არანაირ რეფორმაზე არ შეძლება იყოს ლაპარაკი. მისივე შეფასებით, ქვეყანას სჭირდება ეფექტური თვითმმართველობა და ამისთვის სერიოზული მუშაობაა საჭირო.

„ამის ნაცვლად ხელისუფლება ცდილობს ამ თემის პოლიტიზირებას და ერთი პერიოდი იმასაც კი ამბობდა, რომ ვინც ამ კანონს აკრიტიკებდა, ის ნაციონალების მხარდამჭერი იყო. მერე ამოიღეს მეშვიდე კარი, იმის გამო, რომ იქ საპატრიარქომ რაღაც თქვა და ა.შ. ამის გარდა კიდევ ბევრი პრობლემაა. ეს პარტიული დაპირისპირების თემა არ არის, ქვეყანას სჭირდება ეფექტური თვითმმართველობა, რომელიც გახდება საფუძველი შემდგომი განვითარებისთვის“, – მიიჩნევს მამუკა ჟღენტი.