ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ღორის სპერმის ვალი აქვს

1115

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად ღორის სპერმის დარჩენილი 500-ლარიანი დავალიანების საკითხიც განიხილა. ინფორმაციას “გურიის მოამბე” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ რიგით მეცხრამეტე საკითხი, სწორედ ფერმერული მეურნეობის  განვითარების ცენტრის სუბსიდირება იყო. ცვლილების სახით ბიუჯეტში გათვალისწინებული 500 ლარი კი, სწორედ შეძენილი ღორის სპერმის დავალიანების დასაფარად იყო გამოყოფილი.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომაზე იკითხა: “ფერმერთა გაერთიანება, რომლის ლიკვიდაციაც წინა მოწვევის საკრებულომ განახორციელა, რაში იღებს ამ სუბსიდიას?”, რაზეც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს წინა წელს შეძენილი ღორის სპერმის დავალიანებაა.

საბოლოოდ, ოზურგეთის ყოფილი გამგეობის მიერ ღორის სპერმის 500-ლარიან დავალიანებას, რომლის გადახდაც თემისა და ქალაქის გაერთიანების შემდეგ მერიას დაეკისრა, ოზურგეთის საკრებულო შემდეგ სხდომაზე განიხილავს.