კახა კალაძე: ნარიყალას ფერდობზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაჯარიმდა

1149

ნარიყალას ფერდობზე სამუშაოების შემსრულებელი კომპანია დაჯარიმდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ Facebook-ზე ვიდეომიმართვაში თქვა.

კალაძის თქმით, ნარიყალაზე სამუშაოები შესაბამისი ნებართვის გარეშე მიმდინარეობდა, ამასთან კომპანია ამბობდა, რომ ადგილზე არქოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა, რისი ოფიციალური ნებართვაც ასევე არ ჰქონდათ.

“მინდა გამოვეხმაურო ნარიყალას ფერდობზე დაწყებულ სამუშაოებს, რომელსაც დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ამ ფაქტმა, რასაკვირველია, გამოიწვია, როგორც მოსახლეობის, ისე თბილისის მერიის უკმაყოფილება. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა ყოველგვარი ნებართვის გარეშე, თითქოს არქეოლოგიური კვლევის წარმოების მიზნით. მათ ამის დამადასტურებელი არანაირი ნებართვა არ ჰქონდათ. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა დააჯარიმა კომპანია, თუმცა ვფიქრობ, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისი ორგანოები, ასევე კულტურის სამინისტრო, დაინტერესდება აღნიშნული ფაქტით. თუ გამოიკვეთება დანაშაული, აუცილებლად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქალაქის უმნიშვნელოვანეს ადგილს და ასეთი დამოკიდებულება დაუშვებელია”, – თქვა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.