ავტობუსის და მიკროავტობუსის მძღოლები დაჯარიმდებიან, თუ მხოლოდ გაჩერებებზე არ გააჩერებენ

962

წინა სტატია

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვითაც, 100 ლარით შეიძლება დაჯარიმდნენ ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მძღოლები, თუკი დედაქალაქის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე დადგენილ გაჩერებებზე არ გააჩერებენ ტრანსპორტს. ინფორმაციას “საზოგადოებრივი მაუწყებელი” ავრცელებს.

ინიციატივით, 50-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული თბილისის თვითმმართველობის მიერ განსაზღვრულ ქუჩებზე სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების ავტობუსის გაჩერებაზე გაჩერების ან დგომის წესის დარღვევისთვის.

ამასთან, დედაქალაქში ტრანზიტული მოძრაობის წესის დარღვევაზე ჯარიმა შესაძლოა 20 ლარიდან 500 ლარამდე გაიზარდოს.

1 მარტიდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.