რუსთავი 2 – შეხვედრა რეგიონული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

523

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ რეგიონულ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თვითმმართველობის კოდექსი გააცნო.

შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში” გაიმართა.

მინისტრის განცხადების თანახმად, თვითმმართველობის რეფორმის შედეგად თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა გაიზრდება და დღეს არსებულ 5 თვითმმართველ ქალაქთან ერთად ეს სტატუსი დამატებით 13 ქალაქს მიენიჭება.
თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან თემები ჩამოყალიბდება, რომელთა ბაზაზეც მუნიციპალიტეტები ფორმირდება. თვითმმართველი ერთეულების: ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები არჩევითი იქნება. ასევე განისაზღვრა ფისკალური დეცენტრალიზაციის გრძელვადიანი ხედვა, რაც თვითმმართველობებს მეტ ფინანსურ რესურსს გაუჩენს.
გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად კოლეგიალური ორგანო შეიქმნება, რომელშიც საკრებულოს წევრები შევლენ. ეს ორგანო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში იქნება ჩართული.

კოდექსი ასევე ითვალისწინებს სოფლებში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას, რაც სოფლის მაცხოვრებელთა საჭიროებების გამოვლენასა და პრობლემების გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

დღევანდელი შეხვედრა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტქურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდასა” და ფონდ „ღია საზოგადოება _ საქართველოს” ორგანიზებით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს მთავრობამ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა. პარლამენტი კი მას ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.