თბილისში, რამდენიმე ადგილზე, ველობილიკები მოეწყობა

913

თბილისში, უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველობილიკით დაუკავშირდება. ტენდერი უკვე გამოცხადდა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წერია, სახელმწიფო შესყიდვა ველობილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 31 860 ლარია.

ამასთან, გამოცემის ცნობით, “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-გაფართოების სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 2 მარტს დაიწყება და 5 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 54 811 ლარია.

„საპროექტო ობიექტი იწყება გმირთა მოედნიდან, მოიცავს სანაპიროზე ჩასასვლელ საავტომობილო გზასა და მარჯვენა სანაპიროს (ზ. გამსახურდიას სანაპირო) ნაწილს და მთავრდება გალაქტიონის ხიდის ქვეშ გამავალ გვირაბთან. პროექტი ასევე ითვალისწინებს “ლაგუნა ვერეს” მოპირდაპირედ, გზის მეორე მხარეს არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობას.

საპროექტო გზის მთელ სიგრძეზე, მარჯვენა მხარეს, უნდა გაგანიერდეს სავალი გზის ნაწილი, ყოველ კონკრეტულ უბანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და შეთანხმდეს დამკვეთთან. გმირთა მოედნიდან სანაპირომდე საპროექტო გზის ქვეშ გადის მდინარე ვერეს გამტარი დიდი კოლექტორი, რომლის გადახურვის ფილების კონსტრუქციული მდგრადობა მიმწოდებლის მიერ უნდა იქნას შესწავლილი და, საჭიროების შემთხვევაში, შეიცვალოს ახალი ფილებით“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს, ასევე, ტროტუარების კეთილმოწყობა, გამწვანება და ველობილიკის მოწყობა.