თბილისში ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა

617

თბილისის მერიის ცნობით, თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გადაკვეთაზე ნაკადების განმუხტვის მიზნით, იონა ვაკელისა და ჭილაძის ქუჩებზე მოძრაობის სქემები სატესტო რეჟიმში შეიცვალა.

მერიის ინფორმაციით, ვაკელის ქუჩაზე ორმხრივად მოძრავი ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაკვეთაზე იყრიდა თავს,  რაც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საცობისა და ავტოავარიების საფრთხეს ქმნიდა.

პრობლემის გადასაჭრელად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, ვაკელის ქუჩა ვაჟა-ფშაველას გამზირიდან ყაზბეგის გამზირის მიმართულებით ცალმხრივი გახდა.  თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორმხრივი მოძრაობის რეჟიმი შენარჩუნდა. ამიტომ, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ფანჯიკიძის ქუჩისკენ მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ე.წ. ბასლეინი დახაზა. ასევე, გაკეთდა შესაბამისი საგზაო მონიშვნა. შესაბამისად, ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირამდე, იონა ვაკელის ქუჩის პარალელური – ოთარ ჭილაძის ქუჩის მონაკვეთიც ცალმხრივი გახდა.  ადრე ჭილაძის ქუჩაზე მოძრავ ტრანსპორტს ვაჟა-ფშაველას გამზირის გადაჭრა ეკრძალებოდა. ვაჟა-ფშაველასა და ჭილაძის გადაკვეთაზე არსებულ გზაჯვარედინზე შუქნიშნები დამონტაჟდა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის საშუალებით, ყაზბეგიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის, ნუცუბიძისა და ფანჯიკიძის ქუჩებისკენ გადაადგილება მნიშვნელოვნად გამარტივდა.

თბილისის მერია ავტომფლობელებს ურჩევს, ნუცუბიძის ქუჩიდან სააკაძის მოედანზე მოსახვედრად, იონა ვაკელის ქუჩის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებით, ასევე, კოსტავას ქუჩით ისარგებლონ.