შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში გულის წამლები და ანტიდეპრესანტები შეიძინეს

989

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებისთვის, გულის ტკვილისა და დეპრესიის საწინააღმდეგო მედიკამენტები შეიძინა. ამის შესახებ, იმ ხელშეკრულებაშია აღნიშნული, რომელიც გუბერნატორის პირველმა მოადგილემ 2017 წლის 1 სექტემბერს გააფორმა. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ნუსხაში წარმოდგენილი მედიკამენტების დიდი ნაწილი ორგანიზაცია წითელი ჯვრის დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება. ასე მაგალითად, გუბერნატორის მიერ ,,ფარმას“ აფთიაქში შეძენილი მედიკამენტების ნუსხა ასე გამოიყუება:

ვალერიანის წვეთები, ვალიდოლი, ნო-შპა, კორვალ G4, კოფეინი, სტრეპსილი, დექსამეტაზონის ამპულა,
შპრიცი – 8 ცალი, ამარინი, ზუმ-25, ლოპერამიდი, ნახშირი, ტაიქოლდი, ლახტი, ეთინოლი სპირტი, ბამბა, ალიზოლის მალამო (დამწვრობის), ბეტადინი.

სამხარეო ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ცნობით, აფთიაქი ავტომანქანებში ჩასადებად შეიძინეს: “პირველადი დახმარების ნაკრების (აფთიაქი) შეძენა მოხდა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე სამხარეო ადმინისტრაციის სარგებლობაში არსებული ავტომობილებსთვის. მოგეხსენებათ, ადმინისტრაციის თანამშრომლები სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას ყოველდღიურად გადაადგილდებიან რეგიონის მასშტაბით, ასევე სტიქიური მოვლენებისას კოორდინაციას უწევენ მიმდინარე პროცესებს (მსგავსი შემთხვევა არაერთი იყო გასულ წელს)აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა პირველადი დახმარების ნაკრების შეძენა” – აღნიშნავს პრესსამსახური.

ორგანიზაცია წითელი ჯვრის რჩევით კი, ყველა პირველადი დახმარების ჩანთა, რომელიც განკუთვნილია 4 ადამიანისთვის, უნდა შეიცავდეს შემდეგ ნივთებს: ჭრილობაზე დასაკრავი წებოვანი დოლბანდი (სანტავიკი) – 25 ცალი, სტერილური მარლის საფენები – 2 კოლოფი, ანტიბიოტიკის შემცველი მალამო – 2 ცალი, ანტისეპტიკური ხელსაწმენდი – 5 ცალი, ასპირინი – 2 შეკვრა, ხელოვნური სუნთქვის აპარატი – 1 ცალი, ცივი კომპრესი -1 ცალი
სამედიცინო ხელთათმანი – 2 წყვილი, ჰიდროკორტიზონის მალამო – 1 ცალი, მაკრატელი – 1 ცალი, ბინტი სტერილური – 2 ცალი, ელასტიული ბინტი – 1 ცალი, თერმომეტრი, სამკუთხა ბინტი – 2 ცალი, პინცეტი
პირველადი დახმარების ბროშურა, წყალბადის ზეჟანგი – 2 ცალი, ბეტადინი – 1 ცალი სპირტი – 1 ცალი, დამწვრობის საწინააღმდეგო აეროზოლი – 1 ცალი.