დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 4300 კვ. მეტრამდე ასფალტის საფარი დაიგება

892

თბილისის მერი კახა კალაძე, მოადგილესთან ირაკლი ბენდელიანთან და საბურთალოს რაიონის გამგებელ გაიოზ ვასაძესთან ერთად, დიდ დიღომში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

თბილისის მერიის ცნობით, დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები იოანე პეტრიწის ქუჩის №8, №8ა და №8ბ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოებში, დაახლოებით 4300 კვადრატულ მეტრამდე ასფალტის ახალი საფარი დაიგება, ასევე მოეწყობა ახალი ბორდიურები.

საგზაო სამუშაოებისათვის 260 000 ლარია გამოყოფილი. კახა კალაძის განცხადებით, გაზაფხულიდან თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი.

თბილისის მერიის ცნობით, გარდა ამისა, თავდადებულის ქუჩა №14-ის მიმდებარედ, ამ დროისთვის მიმდინარეობს სკვერის მოწყობის სამუშაოები.