წალენჯიხაში კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა

475

წალენჯიხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფორმაციას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად,  ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი დღეიდან, მოემსახურებათ.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ავარიულ შენობაში მთლიანად შეიცვალა შიდა და გარეინტერიერი, სცენა, დარბაზი, საგრიმიოროები და სარეპეტიციო ოთახები. დამონტაჟდა განათების, სავენტილაციო და გათბობის თანამედროვე სისტემები.

“დასრულებული სამუშაოები, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუასთან, წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურული ცენტრების აღდგენას სათანადო ყურადღება ეთმობა. “ბევრ მუნიციპალიტეტში წლების წინ დახურული, ავარიული და უფუნქციო შენობები დგას. ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრის რეაბილიტაცია დავასრულეთ წალენჯიხაში, სადაც მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა და დარბაზი. მალე ცენტრი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას განახლებულ კულტურის სახლში ღირსეულად უმასპინძლებს“.

წალენჯიხის კულტურის სახლის რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით გახდა შესაძლებელი, რისთვისც 680 000 ლარი დაიხარჯა.