გურიის მოამბე – რეალური თვითმმართველობა და არა სახელისუფლებო ვერტიკალი ზემოდან ქვემოთ

716

ავტორი: თეა იოსელიანი ოზურგეთი

 

`იდეა ამ რეფორმისა სწორედ ის არის, რომ საქართველოში შეიქმნას რეალური თვითმმართველობა და დაიმსხვრეს ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც მოდის ზემოდან ქვემოთ~
არაფორმალური ურთიერთობების ფორმალიზება და უფრო მაღალ სტატუსში აყვანა-თვითმმართველობის ახალი რეფორმის არსი

გასულ კვირას ოზურგეთში, `დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში~ ფართო საზოგადოების წინაშე თვითმმართველობის რეფორმის პროექტის განხილვა შედგა. კანონპროექტი პირველ რიგში სოფლებში საზოგადოებრივი თვითმმართველობების ჩამოყალიბებას ეხება, რომელთაც კანონით მიენიჭებათ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და ასევე მიენიჭებათ უფლება, აირჩიონ თავიანთი საბჭოს თავმჯდომარეები.
როგორც საკონსულტაციო საბჭოს წევრები აცხადებენ, ეს იქნება ნებაყოფლობითი პროცესი, სოფლის ნებისმიერი მცხოვრების უფლება და არა ვალდებულება. სოფელი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლის, რომ მას სჭირდება ასეთი სახით ფუნქციონირება.
ნებაყოფლობითი გადაწყვეტილების შემთხვევაში კი, პირველ რიგში უნდა ჩამოყალიბდეს საინიციატივო ჯგუფი, სადაც გაწევრიანებული იქნება მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა: `მთლიანად სოფელი უნდა ჩაერთოს ამ საზოგადოებრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაში და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ფორმა, სადაც სოფლის მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს გარკვეული საკითხები~-ასეთია კონსულტანტების შეფასებები.
კანონპროექტში ჩადებულია, რომ სოფელი, რომელიც მიიღებს იურიდიულ სტატუსს, 50 მოსახლეზე ნაკლები არ უნდა ჰყავდეს: `არის მცირე რაოდენობა სოფლებისა, სადაც ცხოვრობს 5 ან ცოტა მეტი მოსახლე, ან სეზონურია, ამ შემთხვევაში ის ვერ მიიღებს ამ სტატუსს~.
რა შედეგებზე შეიძლება იყოს გათვლილი თვითმმართველობის ახალი რეფორმა, შეუწყობს თუ არა ის ხელს მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, მივიღებთ თუ არა სამომავლოდ გაძლიერებულ და განვითარებულ სოფლებს, მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობითა და  გაძლიერებული რწმუნებულების ინსტიტუტით, გადაცემა `ფლიპ-კამერაში“
თვითმმართველობების საკონსულტაციო საბჭოს წევრები კოტე კანდელაკი და მამუკა აბულაძე აღნიშნული შეხვედრის დასრულების შემდეგ მოვიწვიეთ.
_ ახალი რეფორმები თავისთავად დასაწყისია სიახლეებისა, ყურადღება კი მუდმივად კონცენტრირებულია მოსალოდნელ შედეგებზე, რაც ცვლილებების საფუძველზე მიიღება. P
კოტე კანდელაკი: რეფორმის რამდენიმე არსზე მინდა გესაუბროთ, პირველი, ეს არის თვითმმართველი ერთეულების ზრდა. ყველაზე მთავარი არის ის, რომ რეფორმის შედეგად მიღებულ დიდი სიახლე იქნება მეორე დონის თვითმმართველობა, ანუ თვითმმართველობათა რეგიონული გაერთიანება. გურიის რეგიონში იქნება მეორე დონის თვითმმართველობა, რომელიც გადაწყვეტს იმ საკითხებს დამოუკიდებლად, რომელსაც ადგილობრივ მოსახლეობას ვერ უწყვეტს და საკუთარ თავზე ვერ იღებს მუნიციპალიტეტი და ამ ეტაპზე ცენტრალურ ხელისუფლებას უხდება ამ ფუნქციების განხორციელება. რეფორმის შედეგად, გარკვეული ფუნქციები გადაეცემა რეგიონალურ თვითმმართველობებს, რომლებიც თავად გადაწყვეტენ მთელ რიგ საკითხებს.
მამუკა აბულაძე: სოფლის თვითმმართველობის კანონიდან გამომდინარე, მთავარი არის დემოკრატიულობა და მოქალაქეთა გააქტიურების ხელშეწყობა, ასევე დღეისთვის არსებული არაფორმალური ურთიერთობების ფორმალიზება და უფრო მაღალ სტატუსში აყვანა.
_ ბატონო მამუკა, ძლერი თვითმმართველობა ნიშნავს ძლიერ საზოგადოებას, ანუ მათ მაქსიმალურ ჩართულობას ადგილობრივ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში, ახალი რეფორმა გათვლილია ნებისმიერი სოფლის მცხოვრების პასუხისმგებლობის გაზრდაზე პრობლემათა თავმოყრა-მოგვარების საკითხში, რაც დღემდე მხოლოდ იდეის დონეზე იყო?
_ იდეა ამ რეფორმისა სწორედ ის არის, რომ საქართველოში შეიქმნას რეალური თვითმმართველობა, და დაიმსხვრეს ის სახელისუფლებო ვერტიკალი, რომელიც მოდის ზემოდან ქვემოთ, დაწყებული ქვეყნის პირველი პირიდან, შემდეგ გუბერნატორები, გამგებლები და შემდეგ ეს ვერტიკალი სოფლის რწმუნებულების დონეზე მთავრდება.  მთლიანად პასუხისმგებლობა გადაბარებული გვაქვს ცენტრალური ხელისუფლებისთვის და ისინი იღებენ ამ გადაწყვეტილებებს. ჩვენი მოვალეობები გამოხატება მხოლოდ იმაში, რომ არჩევნების დღეს ჩვენი გადაწყვეტილება დავაფიქსიროთ საკუთარი ხმებით. ეს რეფორმა ითვალისწინებს იმას, რომ ცვლილებები დაიწყება ქვემოდან ზემოთ, ანუ სოფლებში, საერთო კრებების მეშვეობით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება. პირდაპირი, უშუალო დემოკრატიის ფორმით, სოფელი აირჩევს თავის ხელმძღვანელებს, საბჭოს წევრებს, ერთი წლის ვადით.
_ რეფორმის შესაბამისად სოფლის ხელმძღვანელობა იქნება არჩევითი და არა დანიშვნითი გამგებლის მხრიდან, ანუ მოსახლეობის გაზრდილი პასუხისმგებლობა გააძლიერებს სოფლის ხელმძღვანელობის ინსტიტუტს, მეტი მოთხოვნების ფონზე.
_ რა თქმა უნდა, ეს მოხდება მოსახლეობის მხრიდან პირდაპირი და ფარული არჩევნების წესით, დღევანდელი რწმუნებულის ფუნქციები კი სოფლის საბჭოს თავმჯდომარეს შეეთვსება.
ასევე ძლიერდება და რეალური ხდება მუნიციპალიტეტი, როგორც თვითმმართველობა, იმიტომ, რომ მას ექნება უკვე სერიოზული, თვითკმარი ბიუჯეტი გადასახადების გამიჯვნის ხარჯზე და არა მხოლოდ ქონების გადასახადისა და გამოყენებითი ტრანსფერის ხარჯზე. შემოვა რეგიონული დონე, რომელსაც ასევე საკუთარი ბიუჯეტი ექნება. მათ ფუნქციები ექნებათ განსხვავებული. რეგიონი გადაწყვეტს იმ საკითხებს, რასაც მუნიციპალიტეტი ვერ გადაწყვეტს, მუნიციპალიტეტს შეეხება ის საკითხები, რომელიც უფრო ახლოსაა ადამიანებთან და უფრო მარტივი და უპრიანია მათი გადაწყვეტა. ამდენად, ჩვენ ვიგრძნობთ, რომ ვმონაწილეობთ ჩვენი უბნის, ჩვენი სოფლის პრობლემების გადაწყვეტაში და ასევე მუნიციპალიტეტის დონეზე ჩვენს მიერ არჩეული საკრებულოს წევრების მეშვეობით ვმონაწილეობთ ამ საერთო პრობლემატიკის გადაჭრაში. რეფორმის შესაბამისად მოსახლეობა იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ გადაწყვეტილებებზე და კანალიზაციის, გზის თუ ორღობის საკითხის გადაუჭრელობას აღარ დააბრალებს მთავრობას.
_ სოფელი არა მარტო ახდენს საკუთარი პრობლემების თავმოყრას, არამედ პრიორიტეტულობის შესაბამისად წყვეტს და მონაწილეობის მათ მოგვარებაში, საკუთარი ბიუჯეტის ხარჯზე?
_ დღეს მაგალითად სოფლის რწმუნებულს მიაქვს ამბავი გამგეობაში ამა თუ იმ პრობლემაზე, მაგრამ არაფერს არ წყვეტს. სოფლის საერთო კრების თავმჯდომარე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ბიუჯეტის შედგენაში, მონიტორინგსაც გაუწევს ჩატარებულ სამუშაოებს და სამუშაო პროცესებშიც ჩაერთვება. ძირითადი რგოლი, არა შუამავლის, არამედ გადაწყვეტილებების მიმღების, იქნება არა თავმჯდომარე, არამედ სოფლის მოსახლეობა, საერთო კრებების მეშვეობით და რიგ საკითხებზე საბჭოს მეშვეობით.
ეს ყველაფერი უკვე კანონპროექტებში აისახა, თუ როგორ მოახერხებს მოსახლეობა თავისივე პრობლემების გადაწყვეტას, რომ ეს არ იყოს ცენტრიდან მოსული გადაწყვეტილებები, რომლის თაობაზეც მას აზრი საერთოდ არ ჰკითხეს, ან უბრალოდ ფორმალურად ჰკითხეს.
A_ ფორმალური ურთიერთობის საუკეთესო მაგალითად სოფლის მხარდაჭერის პროგრამა შეიძლება განიხილოს, როცა უმეტეს შემთხვევაში მოსახლეობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს, ენაცვლებოდა იმ სამუშაოები, რასაც გადაწყვეტდა ადგილობრივი გამგეობა.
_ რა შეიძლება მოხდეს, ან როგორ, საზოგადოებრივი თვითმმართველობების ჩამოყალიბების შემდეგ_დავუშვათ სოფელს გამოეყო სახელმწიფოს მხრიდან 10 ათასი ლარი, რის გახარჯვასაც ფიქრობენ მაგალითად წყალსადენის მოწესრიგებაზე, რომელიც ჯდება 40 ათასი ლარი. ამ შემთხვევაში შეიძლება დანარჩენი თანხების მოძიება მოხდეს ან გრანტის მოპოვებით, ან მოსაკრებლებით, რომელიც შევა სოფლის ანგარიშზე და მთლიანად მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას დაგეგმილ საქმიანობებში.
_ მიუხედავად იმ ყველაფრისა, რაზეც თქვენ საუბრობთ, დღეს ამ რეფორმასთან დაკავშირებით არის ეჭვი საზოგადოებაში, რომ ახლებური მიდგომები დაანგრევს სოფლების ინდივიდუალიზმს, მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა მცირეკონტიგენტიანი სოფლები იურიდიული სტატუსის მისაღებად შემოუერთდებიან მრავალრიცხოვან სოფლებს.
_ ძირითადად გათვალისწინებულია, რომ ყველა დასახლებულ პუნქტში, რომელსაც აქვს სოფლის სახელი მინიჭებული შეიქმნას საზოგადოებრივი თვითმმართველობა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ერთადერთი, რაზეც მიდის მსჯელობა, არის რამდენიმე სოფელი, სადაც შემორჩენილია მოსახლეობის ძალიან მცირე რაოდენობა. მაგრამ, მას ეს უფლება არ ესპობა და შეუძლია უახლოეს თვითმმართველობასთან გაერთიანდეს. ინდივიდუალიზმი აქ არანაირად არ დაიკარგება, რადგან, ისინიც მიიღებენ მონაწილეობას და ჩართულები იქნებიან გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ცოტა გადაჭარბებული ფობიებია. პირიქით ყველა სოფელს ეძლევა შესაძლებლობა ან შექმნას საკუთარი თვითმმართველობა, ხოლო მათი გაერთიანება დაბასთან, ან ქალაქთან დაახლოებით ისეთივე ფორმის იქნება, როგორიც დღეს გვაქვს, უბრალოდ სხვა კრიტერიუმებით და სხვა პრინციპებით რომელიც უფრო მისაღებია.
_ ბატონო კოტე, მუნიციპალიტეტების რაოდენობრივი ზრდა, რა პროცესებს უწყობს ხელს, რაიმე სახის პრივილეგიებსა და განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებზე შეიძლება ვისაუბროთ?
_ მაგალითად, დღეს ჩვენ გვაქვს 5 ქალაქი, ბათუმი, ფოთი, ქუთაისი, რუსთავი და თბილისი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი თვითმმართველობა, ჰყავს საკუთარი მერი და აქვს საკუთარი ბიუჯეტი და საკუთარ პრობლემებს ეს ქალაქები თვითონ წყვეტენ მუნიციპლური ორგანოების მეშვეობით. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს და მათ შორის ოზურგეთსაც, დღეს გაცილებით დაჩაგრულ სიტუაციაშია, იმიტომ, რომ მას არ გააჩნია საკუთარი თვითმმართველობა. მაგალითად, როგორც პატარა სოფლებიდან არის წარმოდგენილი საკრებულოში თითო წარმოამდგენელი, ასევეა 20 ათასიან ქალაქიდანაც.
. ეს რეფორმა გაცილებით კარგ პირობებში აყენებს ქალაქსაც და სოფელსაც, რომელიც დღეს უფრო დაკარგულია. სოფლები, რომლებიც მუნიციპალური ცენტრიდან დაშორებულია 10-15 კილომეტრით და მას ყველა საკითხის გადასაწყვეტად უწევს მუნიციპალურ გამგეობაში ჩასვლა, რეფორმის შედეგად, მას ექნება საკუთარი თვითმმართველობა და ადგილზე მიიღებს ყველა იმ მომსახურებას, რაც ახლა მთელ რიგ პრობლემებთანაა მისთვის დაკავშირებული.
_ და ბოლოს, რამდენად შეიძლება რეფორმამ ხელი შეუწყოს სოფლების მატერიალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაძლიერებას, რაც სოფლებიდან მინიმალური საარსებოს საშოვნელად გასული მოსახლეობის უკან დაბრუნების საფუძველს შექმნის.
_ პოლონელებმა მაგალითად გვითხრეს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის გატარების შემდეგ სერიოზული ბიძგი მიეცა ინვესტიციებს და ეკონომიკურ წინსვლას. თუმცა ამ ორ რაღაცას შორის ერთი შეხედვით პირდაპირი კავშირი არ ჩანს.

 

იხილეთ რესურსი