ზუგდიდის სოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებასა და მის შემოღობვას აპროტესტებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

ადგილობრივების თქმით, მიწის ნაკვეთი 50- წლიანი იჯარით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე არის გაცემული, ხოლო მეპატრონემ ტერიტორიის შემოღობვა უკვე დაიწყო. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საძოვრების გარდა, სოფლის სტადიონი და სასაფლაომდე მისასვლელი გზაც გასხვისდა.

„საქონელი დაგვრჩა საძოვრების გარეშე. ტერიტორიების შემოღობვის გარდა მთლიანად მოჭრეს წიწვოვანი ხეებიც“, – ამბობენ აქციის მონაწილეები.

ზუგდიდის მერის წარმომაგენლის სოფელ რიყეში ვახტანგ გოგიას განმარტებით, აქციის მონაწილეების პრეტენზიები უსაფუძვლოა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორია არა რიყეს, არამედ სოფელ ზედა ეწერს ეკუთვნის.

„ჩემთვის გაუგებარია რიყის მოსახლეობა რატომ მართავს აქციებს, როდესაც ეს ტერიტორია ეკუთვნის სოფელ ზედა ეწერს. მე ვიყავი ადგილზე და გავესაუბრე მეპატრონეს, არანაირი გზა არ გადაიკეტება. ეს ტერიტორია წლების წინ იყიდა და ის არც რუსეთის მოქალაქეა. რუსული წარმომავლობის გვარი აქვს, თორემ აქ ცხოვრობს “, – განაცხადა ვახტანგ გოგიამ.

ადგილობრივებმა საძოვრების გასხვისება რამდენჯერმე გააპროტესტეს.

მსგავსი სიახლეები