gurianews – რეფორმები საზოგადოების მხრებზე

613

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები კოტე კანდელაკი და მამუკა აბულაძე სტუმრობდნენ, ისინი ადგილზე შეხვდნენ საკრებულოს თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეებსა ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოსა რწმუნებულებს.

შეხვედრაზე სტუმრებმა იმ კანონპროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებიც უკვე ინიცირებულია პარლამენტში და მათზე დაყრდნობით, ადგილობრივ თვითმმართველობაში ყოვლისმომცველი რეფორმები უნდა გატარდეს.

“დღეს ლანჩხუთის საზოგადოებას და სამოქალაქო სექტორს ვაცნობთ თვითმმართველობის რეფორმის ძირითად მიმართულებებს, ვსაუბრობთ იმ კანონპროექტებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას აქვს გამზადებული და რომლის მიხედვითაც უნდა ავირჩიოთ ადგილობრივი თვითმმართველობა. გვაინტერესებს რეგიონის მოსახლეობის მოსაზრებები, გვინდა მოვისმინოთ და მივიღოთ მათი მხრიდან გარკვეული რეკომენდაციები, რომ შემდგომ, გათვალისწინებული იქნას კანონპროექტში. უამრავი სიახლეა და როგორც ყოველთვის, სიახლის დანერგვას მეტი ძალისხმევა სჭირდება, ვიდრე უკვე მიჩვეულ სისტემაში არსებობს.
ძირითადი სიახლეა ის, რომ განისაზღვროს ტერიტორია, სადაც უნდა გახორციელდეს პირველი დონის თვითმმართველობა; მეორე _ მაგალითად, გურიის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები შექმნიან მეორე დონის თვითმმართველობას, ასოცირებულ საკრებულოს და იქნება მათ მიერ არჩეული რეგიონული მუნიციპალური გაერთიანების ადმინისტრაციის უფროსი, რომელიც მომავალში ჩაანაცვლებს დღეს მოქმედ გუბერნატორის ინსტიტუტს, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა ნიშნავს.
დღეს მუნიციპალიტეტებს არც ძალაუფლება აქვთ, არც ფინანსური შესაძლებლობა, არც ადამიანური რესურსები… აი, ეს ფუნქციები უკვე გადაეცემა რეგიონულ დონეს და სოციალურ პროექტებს უკვე განახორციელებს რეგიონი, რომელსაც უფრო მეტი რესურსი ექნება.
კანონპროექტზე მუშაობა დასრულებულია, გია ჟორჟოლიანისა და ირაკლი ტრიპოლსკის მიერ პარლამენტშიც ინიცირებულია. რამდენიმე შენიშვნა მთავრობამ გამოთქვა, ძირითადად ესაა ფინანსები; ეს ფინანსები საიდან მოვა? ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს, თავისი ოფისები ხომ უნდათ და ასე შემდეგ… ქონებრივ საკითხებზეც იყო მსჯელობა და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ეტაპობრივად მოხდეს ქონების გადაცემა. დღეს არის ისეთი ქონება, რომელიც არავის ეკუთვნის და პატრონი არ ჰყავს… აი, ამ საკითხებზე იყო შენიშვნები.
გაჩნდა იდეა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება მოგვესწრო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ანუ წელსვე ჩატარებულიყო საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოების არჩევნები სოფლებში.
ეს კანონი სადღაც ივნისის დასაწყისისთვის უკვე მიღებული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბევრმა საკითხმა შეაფერხა პირველი გეგმა. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დაიწყება ეს პროცესი და სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად ჩაერთვება. მთავარია, მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში და არ გადავიდეს ეს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსებზე,” _ ამბობს კოტე კანდელაკი “გურია ნიუსთან” საუბარში.

 

​იხილეთ რესურსი