საგარეჯოში წარმოებული ღვინო ექსპორტზე გერმანიაში გავიდა

1895

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურში მდებარე მარანმა „ბუნებურმა“ რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ღვინოები გერმანიის ბაზარზე გაიტანა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

მარნის მფლობელის ავთანდილ სულაძის თქმით, „ბუნებურის“პროდუქციაზე მოთხოვნა ევროპის სხვა ქვეყნებშიც არის.

“ვაწარმოებთ საფერავის და რქაწითელის ღვინოებს. საღვინედ ვიყენებთ მხოლოდ მაღალი ხარისხის, ერთი ვენახის გადარჩეულ ყურძენს. მევენახეობაში არ გამოიყენება ჰერბიციდები და მინერალური სასუქები. ღვინის დაყენების და დავარგების ტექნოლოგიური პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში, ბუნებრივად, ზედმეტი ტექნოლოგიური ჩარევის და დანამატების გამოყენების გარეშე. რქაწითელის დაყენებას წელს უკვე ქვევრებშიც ვგეგმავთ. ღვინოს ექსპორტზე გერმანიაში გასულ წელს პირველად გავიტანეთ, თუმცა მცირე რაოდენობით. წელს უკვე უფრო დიდ რაოდენობაზეა მოთხოვნა. ჩვენ მიერ წარმოებული ღვინის გატანაზე მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც გვაქვს”, – თქვაავთანდილ სულაძემ.

ავთანდილ სულაძემ სოფელ ბადიაურში სახლი 2015 წელს შეიძინა, სადაც მარანი ააშენა. ღვინის წარმოება კი 2016 წლიდან დაიწყო.