პროფკავშირები: რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ?

792

წინა სტატია

გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი სამშენებლო რეგულაციების დარღვევაზე საჯარიმო სანქციების მხოლოდ თბილისში მიმდინარე მშენებლობებეზე დაწესებას აპროტესტებს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

“რატომ არ უნდა იყოს ზედამხედველობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება მთელ საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში აგრესიის გარდა არაფერს გამოიწვევს”, – ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

პეტრიაშვილი გამოეხმაურა შრომის უსაფრთხოებაზე საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს, რომლის თანახმადაც, “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ კოდექსში“ ასახული ცვლილებები, რომელიც, თავის მხრივ, ”შრომის უსაფრთხოების შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია, მხოლოდ თბილისს ეხება.

“განგიმარტავთ, რომ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეხება შრომის უსაფრთხოებას და ის სანქციები, რაც ეხება შრომის უსაფრთხოებას, ეს ეხება ყველას, მთელს საქართველოს. ხოლო, რაც შეეხება პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ კოდექსის მონაკვეთს, ეს ინიციატივა მხოლოდ თბილისს ეხება. თავად ინიციატივა მისასალმებელია, რადგან ჩვენ ამ საკითხს განვიხილავთ, როგორც პრევენციის ზომას და არა იმას, რომ მეწარმე და ბიზნესმენი დაზარალდება. მას უნდა ჰქონდეს განცდა, რომ, თუ დაარღვევს რეგულაციებს, ამ შემთხვევაში გადაიხდის ჯარიმას. სამწუხაროა ის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით არ ვრცელდება ეს, მაგრამ დანარჩენმა მუნიციპალიტეტებმაც უნდა გამოხატონ შესაბამისი ინიციატივა და ბუნებრივია, მათაც უნდა ჰქონდეთ მსგავსი რეგულაციები. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ განიხილავს პარლამენტში კანონპროექტის ამ ნაწილს იმ კუთხით, რომ რეგულაციები ეხებოდეს არა მხოლოდ თბილისს, არამედ მთელს საქართველოს, პეტრიაშვილი პასუხობს, რომ ეს თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით არის გამოწვეული.

“მე ვფიქრობ, რომ ზედამხედველობის საკითხი გამოწვეულია თბილისის მერის, კახა კალაძის სოციალური ორიენტაციით. მისი სოციალური ორიენტაცია განსხვავებულია მათგან, ვინც კანონებს იღებს და რომლებიც დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ხელმძღვანელობენ. ეს არის მთელი განსხვავება და ეს არის სამწუხარო. კარგია, რომ თბილისის მერს აქვს ასეთი ადამიანური ღირებულებები და ცუდია, რომ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით აქვს ორიენტაცია, რომელიც ქვეყანას ფსკერისკენ მიაქანებს“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

პეტრიაშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება სანქციებთან დაკავშირებული ორი საკითხის განცალკევება და რატომ აბნევენ მოსახლეობას.

“ორი საკითხია და მოსახლეობის დაბნევა უნდათ თუ რა უნდათ, ვერ ვხდები: შრომის უსაფრთხოების კანონით დაწესებული სანქციები ვრცელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, მაგრამ რატომ არ უნდა იყოს „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ“ კოდექსში შეტანილი ცვლილება მთელს საქართველოზე გავრცელებული, რატომ უნდა შრომობდეს თბილისში დასაქმებული უსაფრთხოდ და, მაგალითად, ბათუმსა და ქუთაისში საფრთხის ქვეშ, ეს, ბუნებრივია, არის დისკრიმინაციული და მოქალაქეებში, აგრესიის გარდა, არაფერს გამოიწვევს“, – აღნიშნა პეტრიაშვილმა.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ 22 თებერვალს განაცხადა, რომ სამშენებლო რეგულაციების დარღვევასთან დაკავშირებული სანქციები მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობებზე გავრცელდება.