შესაძლოა მიწის მართვის ეროვნული სააგენტო შეიქმნას

640

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია მიწის მართვის ეროვნული სააგენტოს შექმნის ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ “კახეთის ხმა” წერს.

ოთარ დანელიას განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ ორგანული კანონის პროექტთან ერთად მზადდება კანონთა პაკეტი, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.

“ვფიქრობთ, რომ უნდა არსებობდეს სახელმწიფო სუბიექტი – მიწის მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც მოქნილი იქნება და მიწის ნასყიდობის თუ გარიგების შემთხვევაში, მას უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე ვერ აკმაყოფილებს რაღაც პირობებს, მას მოუწევს მიწის გასხვისება ან თუ არ გაასხვისებს, ექსპროპრიაციის გზით ჩამოერთმევა მიწა და სახელმწიფო ბალანსზე დაბრუნდება; ასევე საეჭვო გარიგებების შემთხვევაში ან საზღვრის პირა რაიონებში მიწების გასხვისების შემთხვევაში, სააგენტოს უპირატესი შესყიდვის უფლება ექნება; გარდა ამისა, როცა საეჭვო წარმოშობის ინვესტორს სურს მიწის ყიდვა ან კერძო პირი ყიდის მიწას და სახელმწიფო ინტერესებში არ შედის, რომ სხვა კონკრეტულმა პირმა იყიდოს, უპირატესი შესყიდვის უფლებას გამოიყენებს სააგენტო და ა.შ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ახალი სააგენტო უნდა შეიქმნას, რომელიც გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იქნება”, – განაცხადა ოთარ დანელიამ.

მისივე ინფორმაციით, სააგენტო შეისწავლის მიწის ნაყოფიერებას, გაწერს მიწის რესურსების მართვის სტრატეგიას და ა.შ.