გორის მერს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ

683

გორში ბაღების მართვის სააგენტოს რეორგანიზაციის შემდეგ გათავისუფლებულები გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას გორის სათემო რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.

შემცირება ბაღების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს გიორგი დვალიშვილს შეეხო, რომელსაც კითხვები მობილობის პრინციპის ირგვლივ აქვს და მიიჩნევს, რომ მისი სამსახურის გარეშე დარჩენა, წინასაარჩევნო პერიოდში “შენების მოძრაობის” მხარდაჭერამ  გამოიწვია.

დვალიშვილის ბრალდებებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი უსაფუძვლოს უწოდებს და ამბობს, რომ კადრების დაკომპლექტება კომისიის პრეროგრატივაა (რომელსაც, “მოზაიკის” ცნობით თავად მერი ხელმძღვანელობს).

გორის მერი ამბობს, რომ რეორგანიზაციის შედეგად ქალაქისა და მუნიციპალიტეტების ბაღების გაერთიანებას შტატების შემცირება მოჰყვა, რის შედეგადაც, კადრები მობილობის პრონციპით შეირჩა.