ასპინძის სოფელ რუსთავში 155 ოჯახი სასმელი წყლის გარეშეა

1085

ასპინძაში, სოფელი რუსთავი ისევ სასმელი წყლის გარეშეა. “სამხრეთის კარიბჭის” ცნობით, ამ დრომდე ვერ დადგინდა სად იღებდა სათავეს სოფლის სასმელი წყალი. ახლა სოფელში წყლის მიწოდების ორ ალტერნატივაზე საუბრობენ და ორივე პროექტი სოლიდური თანხა ჯდება.

‘მტკვარი ჰესმა’, რომლის გვირაბის გაყანასაც უკავშირებენ რუსთავში წყლის დაშრობას, წყლის შეწყვეტის მიზეზები თავად გამოიკვლია. მაგრამ, როგორც ობიექტზე ამბობენ, ზუსტად სად იყო წყლის სათავე, ამის რაიმე ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს და კვლევა იმ ტერიტორიაზე ჩატარდა, სადაც, ადგილობრივებმა მიუთითეს.

სოფელ რუსთავს სასმელი წყლის მიწოდება გასული წლის მაისში შეუწყდა. ადგილობრივებმა ეს ფაქტი ჰესისთვის გვირაბის გათხრას დაუკავშირეს. გვირაბი სოფელ საყუნეთიდან იჭრება და რუსთავის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გაიაროს. რუსთაველები სასმელი წყლის მიწოდების აღდგენას მთელი ამ ათი თვის განმავლობაში ითხოვდნენ, მართავდნენ საპროტესტო აქციებს, შეხვდნენ ჰესის ხელმძღვანელობასაც და ასპინძის მერიასაც.

სოფელ რუსთავში მცხოვრები 155 ოჯახი სოფელ ოშორის ტყიდან ჩამონადენი წყლით მარაგდება, მაგრამ ამ წყლის დებეტი მცირეა და მთელს სოფელს არ ჰყოფნის.

ასპინძის საკრებულოში სოფლის დეპუტატის თამაზ შავაძის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს დახმარებით, ორი პროექტი უკვე შეიმუშავეს: ერთი სოფელ ოშორის მთებიდან ჩამონადენი წყალია, რომლის რეაბილიტაციაც სავარაუდოდ 2 700 000 ათასი ლარი დაჯდება და მეორე სოფლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარზე ჭაბურღილების დამონტაჟებაა, რომლის მშენებლობასაც სავარაუდოდ 1 800 000 ლარი დასჭირდება.