ქუთაისის მერიამ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობა გაარემონტა

899

ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, N9–ში მდებარე შენობას მერიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა. კერძოდ, მერიის დაკვეთით, გაილესა შენობის სამი მხარის ფასადი, შეიღება და ორივე სართულზე მეტალო-პლასტმასის ფანჯრები ჩაისვა. ინფორმაციას newspress.ge ავრცელებს.

სამუშაოები მერიის მიერ გასულ წელს გამოცხადებული 756 770-ლარიანი ტენდერის ფარგლებში შესრულდა. აღსანიშნავია, რომ იმ დროისთვის მერიამ ტენდერი შენობების გარკვეულ ნაწილზე გამოაცხადა, 29 შენობის ფასადის შეკეთება 190 დღეში უნდა დასრულებულიყო, დარჩენილ შენობებზე კი, მერიის ინფორმაციით, ცალკე ტენდერი გამოცხადდებოდა, რადგან ეს შენობები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებდა.

პირველად გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, რეაბილიტაციაჩასატარებელ ობიექტებს შორის არ არის N9–ში მდებარე შენობა, სიაში არის 9ა, თუმცა, არა უშუალოდ N9. შენობა, რომელშიც სოციალურად დაუცველი 10 ოჯახი თვითნებურად შესახლდა, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა.

მერიამ სამინისტროს ბალანსზე არსებული შენობის რეაბილიტაცია ჩაატარა, რომელსაც, გამორიცხული არაა, გაყიდვის შემდეგ დემონტაჟი ჩაუტარდეს. მერიაში განმარტავენ, რომ რეაბილიტაცია თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც ჩაუტარდა და ამით სამართლებრივი შეუსაბამობა არ მომხდარა.
„შენობის ფასადს რეაბილიტაცია ნამდვილად ჩვენ ჩავუტარეთ. მასთან ერთად რეაბილიტაცია ჩაუტარდა თამარ მეფის ქუჩის სხვა კერძო და მუნიციპალურ შენობებსაც. რაიმე სამართლებრივი ხარვეზი მაგ საკითხს არ აქვს. ფასადზე საკუთრების უფლება პირდაპირ არ ვრცელდება. ფასადი ქალაქის იერსახის კატეგორიაა“, – განმარტავენ მერიაში.