აუდიტის სამსახური: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უხარისხოდ ჩატარდა

435

სახელმწიფო აუდიტის ჯგუფმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის პასუხისმგებელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტები დაათვალიერა.

ვიზუალური შესწავლის შედეგად, გამოვლინდა უხარისხოდ შესრულებული ცალკეული სამუშაოები. მუნიციპალიტეტს აღნიშნული ხარვეზები არ გამოუვლენია და შესაბამისად, მიმწოდებლებისათვის მათი აღმოფხვრის მოთხოვნით არ მიუმართავს.

“დათვალიერების შედეგად, 8 ხელშეკრულების ფარგლებში (ჯამური ღირებულებით 694.0 ათას ლარი) დაბალი ხარისხით შესრულებული სამუშაოები გამოვლინდა. შპს “ქვენიფნელის“ მიერ 2014-2015 წლებში შესრულებულია სოფელ ასურეთში ე.წ. “სხვავას დასახლების“ I და III ქუჩების მოასფალტების სამუშაოები, თანხით 231.9 ათასი ლარი, რომელიც დასრულებულია 2015 წლის 5 მაისს. სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს. სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნით ირკვევა, რომ გზის სამუშაოები უხარისხოდ იყო შესრულებული: “ქუჩებზე დაგებული ასფალტის ზედაპირი გარკვეულ მონაკვეთებზე ტალღოვანია და რამდენიმე ადგილზე ფიქსირდებოდა “სეგრეგაცია“. მიუხედავად აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) უხარისხოდ შესრულებული გზის სამუშაოები მაინც ჩაიბარა. დათვალირების შედეგად დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე გზის ასფალტის საფარი დაზიანებული და დეფორმირებულია. შპს “პასატის“ მიერ შესრულებულია სოფელ ასურეთში ე.წ. “სხვავას დასახლების“ II ქუჩის მოასფალტების სამუშაოები, თანხით 150.7 ათასი ლარი, რომელიც დასრულებულია 2015 წლის 15 ოქტომბერს. სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 3 წელს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ზემოთ აღნიშნულ ქუჩებზე გზის ასფალტის საფარი დაზიანებული და დეფორმირებულია. შპს “თეგის“ მიერ შესრულებულია დაბა მანგლისში ყოფილი კულტურის სახლის რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 52.8 ათასი ლარი, რომელიც დასრულებულია 2015 წლის 19 ივნისს, სამუშაოების საგარანტიო ვადა შეადგენს 3 წელს. დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შენობის კედლები და ჭერი უსწორმასწოროა, უხარისხოდაა შეღებილი და შეიმჩნევა ბზარები”,-წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.