მთავრობამ 134 ოჯახს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები გადასცა

993

134 მოსახლეს 25-წლიანი იჯარით სათიბ-საძოვრები გადაეცა, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

“ჩვენ უკვე რამდენიმე კოოპერატივს გადავეცით სათიბ-საძოვრები. ოჯახებს, რომლებსაც საქონლის რაოდენობა 500 სულზე მეტი ჰყავთ, 25-წლიანი იჯარით 2000 ჰექტარზე მეტი ფართობის სათიბ-საძოვარს გადავცემთ.

ეს არის 2 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი. ეს პროგრამა იმასაც ითვალისწინებს, რომ კოოპერატივებს თანადაფინანსებით გადაეცემათ ტრაქტორები, რომლებიც აღჭურვილია თიბვისა და მოთიბული მასის ტრანსპორტირებისთვის საჭირო დანადგარით. რაჭაში ჩემთან შეხვედრისას, ამ კოოპერატივების წარმომადგენლებმა განიხილეს ეს საკითხი, რომ მათთვის არის ძალიან დიდი პრობლემა ტექნიკა და სწორედ ამიტომ გავითვალისწინეთ ეს გადაწყვეტილება და ასეთი ტიპის ტექნიკა გადაეცემა ამ კოოპერატივებს“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

15 თებერვლის მთავრობის სხდომაზე, პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ კასპისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებს 1200 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი იჯარით გადაეცა.