ბათუმში რეკრეაციულ სივრცეს სკვერის სტატუსი მოქალაქეთა პეტიციის საფუძველზე მიენიჭა

1441

2018 წლის 15 თებერვალს ბათუმის საკრებულომ ქალაქში არსებულ ერთ-ერთ რეკრეაცულ სივრცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სკვერის სტატუსი მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საკრებულოსთვის წარდგენილი პეტიციის საფუძველზე მიანიჭა. ინფორმაციას ბათუმის საკრებულო ავრცელებს.

ი. ჯავახიშვილის ქ. N2-8-ში ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სამი ნაკვეთისათვის სკვერის სტატუსის მინიჭების საკითხი ბათუმის საკრებულოსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს მიერ გამართული ღია შეხვედრების – „შენი ხმა საბჭოში“ – ფარგლებში გამოვლენილ ინიციატივებს შორის გამოიკვეთა.

აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, შეხვედრების მონაწილეებისგან შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც საკრებულოში პეტიციის წარდგენის მიზნით ხელმოწერები შეაგროვა. ჯგუფმა აღნიშნული პეტიციით ბათუმის საკრებულოს 2017 წლის თებერვალში მომართა.

ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიამ მოქალაქეთა მიერ წარდგენილ პეტიციას საკომისიო განხილვაზე მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც საკითხი შესათანხმებლად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებულ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას გადაეგზავნა. კომისიიდან მიღებული თანხმობის საფუძველზე კი, 2018 წლის 15 თებერვლის საკრებულოს წევრებმა მოქალაქეთა მიერ წარდგენილ პეტიციას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

პეტიცია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის – „მართე შენი ქალაქის“ ფარგლებში მომზადდა და მხარდაჭერილი იყო აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის მიერ, EWMI Access-ის პროექტის ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.