ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე დავამ სასამართლოში გადაინაცვლა

825

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობა მუსლიმთა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი პროცესი დღეს არის დანიშნული. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. გარდა ამისა ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დადგენასაც მოითხოვენ.

მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული ხასიათისაა, რადგან ეს ტერიტორია საჯაროა და აქ მრავლადაა სხვა საეკლესიო ნაგებობები.

ზოგიერთ შემთხვევაში კი, მუსლიმი თემის თქმით, მშენებლობისთვის საჭირო მიწის ნაკვეთს მართლმადიდებელ ეკლესიას სწორედ ადგილობრივი მუნიციპალიტეტი გადასცემს.

სამართლებრივი დავის პარალელურად, თემი შეძენილ მიწის ნაკვეთზე მშვიდობიან შეკრებასა და რელიგიურ მსახურებას აგრძელებს. ღია სივრცეში ლოცვას ასობით მუსლიმი რეგულარულად უერთდება და ამ გზით მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებენ ახალი მეჩეთის მშენებლობის პროცესს.

მუსლიმი თემის ინტერესებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციების EMC-ისა და TDI-ის იურსიტები იცავენ.

“აჭარის ტელევიზიის” ცნობით, ბათუმის მერი მზად არის, ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე,  მუსლიმ მრევლთან აქტიური მოლაპარაკებები დაიწყოს.

ლაშა კომახიძემ აჭარის მთავრობაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საკითხთან დაკავშირებით დაინტერესებულ მხარესთან, ამ დრომდე ოფიციალური შეხვედრა და მოლაპარაკებები არ ყოფილა. მერს იმედია აქვს, რომ პროცესების დასრულების შემდეგ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.

‘’სასამართლო პროცესი ეს არის მოცემულობა, რომელიც ჩვენ  ახალი თვითმმართველობის პირობებში დაგვხვდა. დაწყებული გვაქვს დიალოგი.  სასამართლოს მივმართეთ, რომ გარკვეული პერიოდი აგვეღო. საჭიროა მხარეები ერთმანეთს უშუალოდ დაველაპარაკოთ. ეს ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ. დიალოგი კონკრეტულ შედეგს მოიტანს  და ყველა მხარე კმაყოფილი იქნება’’ – ამბობს ბათუმის მერი.

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას გასული წლის 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარყოფითი პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა და უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების მეტი წილი საცხოვრებელ სახლებს უჭირავს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.