ცნობილია თბილისის 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსები მხოლოდ გაჩერებებზე გაჩერდებიან

თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც 1 მარტიდან მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.

1 მარტიდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის გზატკეცილზე მხოლოდ გაჩერებებზე შეძლებენ.

მაია ბითაძის თქმით, სატრანსპორტო სამსახურმა ამ 14 ქუჩაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყო დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისათვის, რომ კომფორტული იყოს სამარშრუტო ტაქსებისთვის გაჩერება. ორი თვის ვადაში, დაახლოებით 259 მოსაცდელი გაფართოვდება, რათა, ავტობუსებთან ერთად, სამარშრუტო ტაქსების გაჩერებამ საგზაო მოძრაობა არ შეაფერხოს.

მსგავსი სიახლეები