ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერში გამარჯვებულის ვინაობა ცნობილია

1042

ფოთში სამი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტის ტენდერი დასრულდა. ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, გამოვლინდნენ გამარჯვებული კომპანიები, რომლებიც ამ მასშტაბურ სამუშაოებს შეასრულებენ.

ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, წყალმარეგულირებელი ნაგებობის, ჰიდროკვანძის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია “ერისიმედი“ შეასრულებს.

“პროექტის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდება სარეგულაციო ჰიდროკვანძს, ახლით შეიცვლება ამორტიზებული ელექტროტექნიკა, აღდგება კაშხლისა და ფარების მექანიკური ნაწილები, გარემონტდება კაშხლის კონსტრუქცია და მისი დამხმარე ნაგებობები. პროექტის ღირებულება 1 340 268 ლარია. სამუშაოები პირველ აგვისტოს დასრულდება. სპორტულ დარბაზსა და საცურაო აუზს კომპანია “COBRA INSTALACIONES Y SERVICIOS, S.A. branch Georgia” ააშენებს. პროექტის ღირებულება 14 500 136 ლარია. სამუშაოები 2019 წლის მაისში უნდა დასრულდეს. ხელშეკრულება გაფორმდა ჰოლანდიურ კომპანია “TAHAL Group BV”-თან. პროექტის ფარგლებში, ფოთში მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების ქსელი და სატუმბი სადგურები. სამუშაოების ღირებულება 89 943 800 ლარია. სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს და იგი 2020 წლის 31 ივლისს დასრულდება”,-წერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.