ფილარმონიასთან პარკინგის სისტემის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

979

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისში პარკირების პრობლემას გამოეხმაურა. კალაძის თქმით, მერიამ შეიმუშავა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქში 10 ლოკაციაზე მიწისქვეშა საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწყობა. ინფორმაციას imedinews. ge ავრცელებს.

“უკვე შევიმუშავეთ ბიზნეს-მოდელი, თუ როგორ უნდა განხორციელდეს ეს პროექტები.
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს მტკიცებულებებს, რომელიც მიღებული იქნება გარემოებების შესწავლის შედეგად. აქედან გამომდინარე, დღეს მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე საპარკინგე ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

ინტერესთა გამოხატვა შესაძლებელი იქნება 60 დღის განმავლობაში, ამ პერიოდში კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ ყველანაირი დოკუმენტაცია, რომელიც იქნება ჩვენს მიერ წარმოდგენილი ამ კონკერტულ პროექტთან დაკავშირებით. მათ ექნებათ კონკრეტული ვადა შეისწავლონ ჩვენი გამოქვეყნებული დოკუმენტაცია, და შემდეგ უკვე უნდა ჩაატარონ ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევები. პროქტის განხორციელება მოხდება იმ შემთხვევაში თუ ამ კვლევების შედეგად დადგინდება მისი მიზანშეწონილობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ინტერესთა გამოხატვის აუცილებელი პირობაც განმარტა, რაც იმაში მდგომარეობს, რომ საპარკინგე ადგილების 5% ელექტრომობილებისთვის უნდა იყოს გათვალისწინებული, სადაც სპეციალური დამტენები დამონტაჟდება.

“მთლიანობაში აღნიშნული საპარკინგე ინფრასტრუქტურა გათვალისწინებული უნდა იყოს მინიმუმ 180 ავტომანქანისთვის.  პროექტის შესწავლა, ასევე სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება კერძო ინვესტიციით, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება. ეს არის პირველი პროექტი, რომელზეც ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადეთ. მომდევნო დღეებში, კვირეების განმავლობაში ჩვენ წარმოვადგენთ სხვა პროქტებს, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. ჩვენ არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები მიწიქვეშა პარკინგენზე , სადაც ქალაქში იქნება შესაძლებელი უნდა ჩატარდეს კვლევა და მიღებული ანალიზით უნდა განხორციელდეს მიწისზედა პარკინგების მოწყობაც”,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქში ახალი საპარკინგე ადგილების მოწყობაზე საუბარი დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო.