გარდაბნის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრები თანხას საკრებულოს სხდომებზე დასწრებისთვის იღებდნენ

739

წინა სტატია

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ის წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები არ იყვნენ, 2015-2016 წლებში ანაზღაურებას საკრებულოს სხდომებზე დასწრებისთვის იღებდნენ. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” თანახმად, საკრებულოს წევრების საქმიანობა ანაზღაურებადი მხოლოდ თანამდებობის პირებისთვისაა, საკრებულოს სხვა წევრები კი თავის უფლებამოსილებას სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ ახორციელებენ. მათ შეიძლება აუნაზღაურდეთ მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები.

როგორც ირკვევა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრებს 2015-2016 წლებში, ხარჯების ანაზღაურების სახით, მიღებული აქვთ სულ 181.6 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა კი აუდიტის სამსახურს ვერ წარუდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები საკრებულოს წევრების ხარჯების დასადასტურებლად.

“თანხების გაცემის საფუძველია საკრებულოს მომართვა საკრებულოს წევრზე ანაზღაურების გაცემის შესახებ სხდომებში მონაწილეობისათვის, დავალებების შესრულებისათვის და სხვ. აღნიშნული დოკუმენტები არ
აკმაყოფილებს ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის კრიტერიუმს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტმა 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად 181.6 ათასი ლარი გასცა შესაბამისი დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ”, – წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.