გუბერნატორები სამშენებლო რეგულაციებზე რეგიონის სპეფიციკის გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ

626

წინა სტატია

სამშენებლო რეგულაციები და სანქციები, ასევე, მიწებთან დაკავშირებული საკითხი იყო ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრების გუბერნატორებთან შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.

პარლამენტში გამართული რამდენიმესაათიანი შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო რწმუნებულებთან გამართული აუდიენცია ნაყოფიერად შეაფასა.

”გუბერნატორებმა ისაუბრეს რეგიონებში არსებულ გამოწვევებზე და გამოწვევების საკანონმდებლო გადაწყვეტის მათეულ ხედვაზე. ჩვენ მათთან აქტიურ თანამშრომლობას გავაგრძელებთ. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი იყო”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

გუბერნატორების შეფასებით, სამშენებლო სანქციებთან და შეზღუდვებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია რეგიონების სპეციფიკა და რეგიონებში მოქმედი სამშენებლო კომპანიების ფინანსური შესაძლებლობები. ”დეპუტატები დაინტერესდნენ, თუ როგორია ხედვა რეგიონებში მთელ რიგ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით. დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს, სამშენებლო რეგულაციებს და მიწის თემას, რაზეც ჩვენი აზრი გამოვხატეთ. აღნიშნულ საკითხებს მუნიციპალიტეტებთან განვიხილავთ და პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციას მივცემთ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია მიწის შესახებ ახალი კანონის მიღება. აქ არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც დანახვა და გააზრება სჭირდება, მათ შორის სოფელთან მიმართებით”, – განუცხადა ჟურნალისტებს კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა უმრავლესობის დეპუტატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.