ახალციხეში მშენებარე კორპუსის ჩაბარებას 108 ოჯახი მეოთხე წელია ელოდება

1351

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის დასრულებასა და ჩაბარებას 108 ოჯახი მეოთხე წელია ელოდება. ქალაქის მერის ზაზა მელიქიძის თქმით, კორპუსის მშენებელი თანხის ჩარიცხვას ელოდება, რათა სამუშაოები დაასრულოს, თუმცა მერი არ აკონკრეტებს რომელმა სამინისტრომ: იუსტიციის თუ შს სამინისტრომ უნდა ჩარიცხოს თანხა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

მელიძის თქმით, კორპუსის მშენებელთან მას ხშირი კომუნიკაცია აქვს: „ამ კორპუსის საკითხი მტკივნეული თემაა, ბევრი ადამიანი ამ ბინის სესხთან ერთად ქირის ფულსაც იხდის. ეს საკითხი სიღმისეულად შევისწავლეთ, ხელშეკრულებებიც დეტალურად გავიარეთ“.

შეკითხვაზე, თუ ჰქონდა მას კომუნიკაცია რომელიმე სამინისტროსთან კორპუსის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით, გვპასუხობს: „გვქონდა საუბრები, დეტალებზე ამ წუთში არ გვინდა საუბარი, რადგან ეს ყველაფერი გარკვეულ პროცესებს გადის“.

მშენებარე კორპუსთან დაკავშირებით, ახალციხის მერს ადგილობრივები გასული წლის დეკემბერში შეხვდნენ. მათ მუნიციპალიტეტის პირველ პირს დახმარება სთხოვეს.

კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყო. 108 –ბინიან შენობაში უწყებების თანამშრომლებზე 103 გადანაწილდა. მათთან იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითო თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.