ახალციხის მერი: ვეტერანების თავშესაფრისთვის ფართი არ გვაქვს

822

21 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ახალციხის მერიის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის პოზიცია უნდა დააფიქსიროს, შეუძლია თუ არა თვითმმართველობას მოდავე მხარისთვის, ვეტერანების ოთხი ოჯახისთვის თავშესაფრის გამოყოფა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ახალციხის მერი ზაზა მიქელაძე ამბობს, რომ თვითმმართველობას ფართი, რომელშიც ვეტერანების ოთხ ოჯახს შეასახლებს, არ აქვს: „ქალაქს არ აქვს ახალგაზრდული ცენტრი, საგამოფენო დარბაზი, ორი ბაღი გვენგრევა ქალაქში და იქ ბავშვების ყოფნა საშიშია. ასეთ ვითარებაში, რეალურად ფართი ნამდვილად არ გვაქვს, რომ ეს ოჯახები დავაკმაყოფილოთ“. მიქელაძე დასძენს, რომ ფართებით მათი დაკმაყოფილების შემთხვევაში მეორე დღეს მას “მინიმუმ 1000 კაცი მიადგება და ბინებს მოსთხოვენ”.

14 თებერვლას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვეტარანების საქმის განხილვა, იმ მიზეზით გადაიდო, რომ მხარეები (ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია და ვეტერანების ოთხი ოჯახი) შესაძლოა მორიგდნენ.

ახალციხეში, პეტრე იბერის ქუჩაზე N17-ში მდებარე შენობა, სადაც წლების წინ სკოლა – ინტერნატი იყო განთავსებული, 2016 წლის 24 სექტემბერს ცხრა ოჯახმა უნებართვოდ დაიკავა. აღნიშნული შენობა ახალციხის მერიის ბალანსზეა, თუმცა ის თვითმმართველობამ 2014 წლის 4 ივნისს უზურფრუქტის წესით (ხელშეკრულება N36) სააგენტოს გადასცა. საკრებულოსა და სააგენტოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, 4 089 კვადრატულ მეტრ მიწაზე განლაგებულ ორ ობიექტში სწავლებისა და გადამზადების ცენტრი უნდა გაიხსნას.

ახალციხის მერიამ ვეტერანების სკოლის შენობიდან გამოსახლება სასამართლოს გზით მოითხოვა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მერიის საჩივარი დააკმაყოფილა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ვეტერანებმა გაასაჩივრეს. ისინი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.