ნაციონალები ქუთაისის მერიასა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში ხელფასების ზრდას აპროტესტებენ

644

წინა სტატია

„ნაციონალური მოძრაობა“ ქუთაისის მერიასა და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გაზრდილ ხელფასებს აპროტესტებს. ორგანიზაციის წევრებმა დღეს მოსახლეობასთან ერთად აქცია გამართეს და ხელისუფლებას ქალაქში არსებული პრობლემები შეახსენეს. ინფორმაციას სააგენტო IPN-ი ავრცელებს.

საკრებულოს წევრის ”ნაციონალური მოძრაობიდან”, ბესო ბრეგაძის თქმით, ქალაქის მასშტაბით ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ხელისუფლება მხოლოდ ხელფასების გაზრდაზე ფიქრობს.

„ერთ-ერთი ქუჩა ავიღეთ, სადაც არ არსებობს სანიაღვრე, არ არის გზა და მოძრაობა შეუძლებელია. ამ ქუჩაზე ცხოვრობს ქალაქის მერი და საინტერესოა, რას ეუბნება თავის ამომრჩეველს? ამ ქუჩის მსგავსად, გადათხრილია მთელი ქალაქი. ნაცვლად დაპირების შესრულებისა, ხელისუფლება ხელფასების გაზრდით არის დაკავებული, მერიის წარმომადგენლების მსგავსად ხელფასი გაეზარდა იმერეთის გუბერნატორს. შევახსენებ მათ, რომ ისინი იღებენ შრომის ანაზღაურებას და მოვუწოდებთ, ჯერ იშრომონ და მერე აიღონ ანაზღაურება“, – განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, იმერეთის გუბერნატორს, მის მოადგილეებსა და სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზარდათ. იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, რომლის შრომის ანაზღაურებაც ამ პერიოდის განმავლობაში 2 950 ლარი იყო, თებერვლიდან 5900 ლარს მიიღებს.