TI: ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირებს ბიზნესთან არადეკლარირებული კავშირები აქვთ

950

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში 30-მდე დეკლარაცია იქნა შესწავლილი, რომელთაგან 4 შემთხვევაში დეკლარაციის არასრულად შევსების, 2 შემთხვევაში კი შეუთავსებელი საქმიანობის ფაქტი გამოვლინდა, რაც საჯარო სამსახურის ბიუროს სათანადო დაინტერესების საგანი უნდა გახდეს.  

 

არადეკლარირებული ქონება

კახაბერ მახათაძე – ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი

კახაბერ მახათაძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 777” 34% წილის მფლობელი, მან ასევე არ ასახა დეკლარაციაში, რომ მისი მეუღლე ნატო შავლაყაძე ფლობს წილებს შემდეგ კომპანიებში:

აღსანიშნავია, რომ კახაბერ მახათაძე დეკლარაციის მიხედვით ფლობს შპს “იმერეთი 2011”-ის 65% წილს, აღნიშნულმა კომპანიამ 2012-2015 წლებში გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე 9 ხელშეკრულება გააფორმა, აქედან 2 ხელშეკრულება გაფორმდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტთან, რომელთა საერთო ღირებულებამ 3446  ლარი შეადგინა.

კახაბერ მახათაძემ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს”  2016 წელს  50 000 ლარი, ხოლო 2017 წლის 1 აგვისტოს – 40 000 ლარი  შესწირა.

 

მაია ხვედელიძე – ზესტაფონის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი

მაია ხვედელიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში  არ მიუთითა, რომ  მისი მეუღლე  ბახვა სუქნიძე 2017 წლის ივლისში  დაფუძნებული  შპს “როიალ კომფორტის” დირექტორი და 50%  წილის მესაკუთრეა.

 

კობა გოჩელეიშვილი –  ზესტაფონის საკრებულოს  განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდულ საქმეთა  კომისიის თავმჯდომარე  

კობა გოჩელეიშვილმა 2018 წლის იანვარში  დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ალმაკოს” 33% წილის მფლობელი.

 

ტარიელ ხუსკივაძე –  ზესტაფონის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

ტარიელ ხუსკივაძე 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციის მიხედვით არის შპს “კატ-ის” 34% წილის მფლობელი და დირექტორი,  რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ტენდერები

დავით მესხიშვილი – ზესტაფონის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობისა და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის უფროსის მ/შ  2017 წლის ნოემბრიდან

დავით მესხიშვილის მიერ 2018 წლის იანვარში შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ მამამისი – ნოდარი მესხიშვილი არის შპს “ზესტაფონპროექტის” დირექტორი და 30%-იანი წილის მესაკუთრე.

აღსანიშნავია, რომ შპს “ზესტაფონპროექტმა” 2015-2017 წლებში  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული 20 ტენდერი  მოიგო, რომელთა საბაზრო ღირებულებამ, დაახლოებით, 87 000 ლარი შეადგინა.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.