TI თერჯოლისა და წყალტუბოს თანამდებობის პირების მიერ თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

851

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” განაგრძობს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების შესწავლას. ამჯერად წარმოგიდგენთ ინფორმაციას წყალტუბოსა  და თერჯოლის მუნიციპალიტეტების იმ თანამდებობის პირების შესახებ, რომლებმაც 2017-2018 წლებში არასრულად შეავსეს დეკლარაცია, არ ასახეს ინფორმაცია საკუთარი ან/და ოჯახის წევრთა კომერციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ და ასევე, ეწევიან თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას.

კვლევის ფარგლებში თანამდებობის პირთა 70-მდე ქონებრივი დეკლარაცია შევისწავლეთ. შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 5 ფაქტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი – 4; ასევე თერჯოლაში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოვლინდა. აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

აღსანიშნავია ერთი მიგნება, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან.

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტი

ნოდარ ფანჩულიძე – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

ნოდარ ფანჩულიძემ 2018 წლის იანვარში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე არის შპს “ბერტა იმერეთის” დირექტორი, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი. ნოდარ ფანჩულიძემ 2012 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 6 000 ლარი შესწირა.

კონსტანტინე ამაშუკელი – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარე

კონსტანტინე ამაშუკელის მიერ 2017  წელს შევსებული დეკლარაციით დგინდება, რომ იგი არის შპს “სხივისა” და შპს “სხივი 2015”-ს დირექტორი და მეწილე. იგი დეკლარაციაში უთითებს, რომ აღნიშნულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა საქმიანობა შეწყვიტეს 2017 წლის თებერვალში, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით დგინდება, რომ ორივე მეწარმე სუბიექტს აქტიური სტატური გააჩნია. შესაბამისად, კონსტანტინე ამაშუკელი არღვევს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ შპს “სხივი 2015” მონაწილეობდა ტენდერებში, მათ შორის თერჯოლის მუნიციპალიტეტთან 2015 და 2016 წლებში გააფორმა გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე ორი ხელშეკრულება ინტერნეტმომსახურებასთან დაკავშირებით.

 

ბონდო სოფრომაძე – თერჯოლის მერი

ბონდო სოფრომაძემ 2017 წლის ივლისში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი, გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს “ახალ დონეს”.

ავთანდილ ურიადმყოფელი – მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი

ავთანდილ ურიადმყოფელმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “მომმარაგებელის” 25 % წილის მესაკუთრეა.

ნუგზარ ფანჩულიძე – მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი

ნუგზარ ფანჩულიძემ 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი შპს “კოლხიდა+_ს” დირექტორია, რაც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას, რომლის თანახმადაც, თანამდებობის პირს არ აქვს უფლება იყოს სამეწარმეო დაწესებულების ხელმძღვანელი.

ასევე ნუგზარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ ასახა, რომ მისი მეუღლე ნათელა გაბელაშვილი ხელმძღვანელობს და ფლობს წილებს კომპანიებში:

  • შპს “პანინი” – 100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

  • შპს “ალტ-სოლუშენი” –  100% წილის მესაკუთრე და დირექტორი

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი

გიორგი დოლიძე – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარე

გიორგი დოლიძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ მისი დეიდა, მარიამ ჩიხლაძე არის ქუთაისში საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, ასევე წყალტუბოში მდებარე არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრე.

 

სერგო კირკიტაძე – საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე

სერგო კირკიტაძემ 2017 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ არის შპს “დანსის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. მან დეკლარაციაში ასევე არ ასახა, რომ მისი მეუღლე ანა წიწილაშვილი შპს “პროგრესი + 2006”-ის დირექტორია.

 

მამუკა საღარეიშვილი – საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე

მამუკა საღარეიშვილმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი შპს “კურორტტურის”   25% წილის მესაკუთრეა.

 

გიორგი ჩაკვეტაძე – მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი

გიორგი ჩაკვეტაძეს 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში  არ მიუთითებია, რომ იგი არის წყალტუბოს სოფელ მეორე უბანში 2295 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე.

თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარების შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი.