აუდიტის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ ანაზღაურებული სამივლინებო თანხა – 5.4 ათასი ლარი არამიზნობრივი ხარჯია

456

წინა სტატია

აუდიტის სამსახური ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ სამივლინებო თანხების არამიზნობრივ ხარჯზე მიუთითებს. კერძოდ, სამსახურის დასკვნაში წერია, რომ  2015 წელს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და სამსახურის უფროსი ლატვიას 8 დღით მივლინებით ეწვივნენ, რისთვისაც მუნიციპალიტეტმა 8.0 ათასი ლარი დახარჯა.

“მოწვევა იყო ქალაქ მადონადან, სადაც იმართებოდა ფესტივალი 4 ივნისიდან 11 ივნისამდე. გამგებლის ბრძანებით, ქალაქის ფესტივალის ღონისძიებაზე დასასწრებად პირები მიავლინეს მადონაში 4 ივნისიდან 8 ივნისამდე, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით – ქალაქ რიგაში, 8 ივნისიდან 11 ივნისამდე. მივლინებული პირებისათვის რიგაში სასტუმროს მომსახურებისათვის აანაზღაურეს 1.8 ათასი ლარი. აღსანიშნავია, რომ ქალაქ რიგაში გასამართი ღონისძიებების შესახებ მოწვევაში არ იყო მითითებული. გამგეობამ ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულება იმისა, ჰქონდათ თუ არა მივლინებულ პირებს რიგაში ოფიციალური შეხვედრები და აღნიშნული სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-ტურისტული თანამშრომლობით რა შედეგი მიიღო მუნიციპალიტეტმა”, – წერია აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

ამავე ანგარიშის თანახმად, 2015 წელს საკრებულოს თავმჯდომარე 20 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით ლიტვაში, ქალაქ კაუნასში მიავლინეს.

“კულტურის ეროვნული ცენტრის მიწვევის საფუძველზე მივლინებულ პირს მიმწვევი მხარე უზრუნველყოფდა სასტუმროს მომსახურებით, ქალაქ კაუნასში. წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ 2 დღე-ღამის განმავლობაში სასტუმროს მომსახურებით ისარგებლა ქალაქ ვილნიუსში. მუნიციპალიტეტმა მივლინებულ პირს აუნაზღაურა ვილნიუსში სასტუმროს მომსახურების ღირებულება 0.5 ათასი ლარი, რადგან მიმწვევი მხარე ითვალისწინებდა მხოლოდ კაუნასში სასტუმროს ღირებულების ანაზღაურებას.  მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა, რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული მივლინებული პირის ქალაქ კაუნასის ნაცვლად, ქალაქ ვილნიუსის სასტუმროს მომსახურებით სარგებლობა.

2015-2016 წლებში ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებული პირების მიერ არ არის მომზადებული ანგარიში მივლინების მიმდინარეობის, შედეგებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შესაბამისად, არ ხდება მივლინებით მიღწეული შედეგების განხილვა და შედარება დასახულ მიზნებთან. ბორჯომის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი პრაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს მივლინებაში მიღებული გამოცდილების თანამშრომლებისათვის გაზიარებას. მუნიციპალიტეტმა 3 შემთხვევაში ვერ წარმოადგინა დოკუმენტური მტკიცებულებები იმისა, თუ რა აუცილებელი მუნიციპალური საჭიროებიდან იყო გამოწვეული მოსამსახურეთა მივლინება. შედეგად, მივლინებული პირების ვიზიტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არ შეესაბამებოდა მუნიციპალიტეტის მიერ დასახულ მიზნებს.  ამდენად, გამგეობის მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოსამსახურეთა მივლინებებში, რომელზეც დაიხარჯა 64.5 ათასი ლარი, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების თანამშრომლებისათვის გაზიარების პროცესი გაუმართავია. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის მიერ 3 შემთხვევაში ანაზღაურებული სამივლინებო თანხა, ჯამში 5.4 ათასი ლარი, წარმოადგენს არამიზნობრივ ხარჯს”, – წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.