აუდიტის სამსახური: ბორჯომის გამგებლის წარმომადგენელმა იტალიაში ბიუჯეტის ხარჯზე იმოგზაურა 

674

წინა სტატია

აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა გამგებლის წარმომადგენლის იტალიაში მივლინებისთვის თანხები არამიზანობრივად გამოყო.

კერძოდ, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 2015 წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტმა დაბა ბაკურიანის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მივლინებაზე ლატვიასა და იტალიაში  5.0 ათასი ლარი დახარჯა, ლატვიის მივლინებისთვის 1.9 ათასი ლარი, ხოლო იტალიის მივლინებისთვის – 3.1 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამავე ანგარიშში წერია, რომ 2015 წელს გამგებლის წარმომადგენელი  ლატვიაში, მთის კურორტ სიგულდაში მიიწვიეს. გამგებლის წარმომადგენელმა მოხსენებითი ბარათით, დამატებით მოითხოვა იტალიის კურორტ ლოზანოში მივლინება.

როგორც დასკვნიდან ირკვევა, მივლინების მოთხოვნის საფუძველს სამთო-საკურორტო ინფრასტრუქტურის გაცნობა, ზამთრის სახეობათა ოლიმპიური თამაშების, მათი სპეციფიკისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა, აღნიშნულის საფუძველზე მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლატვიაში 4 დღით და იტალიაში 9 დღით მივლინების შესახებ ბრძანება გამოსცა.

მივლინებული პირი, მისივე განმარტებით, ლატვიის კურორტ სიგულდაში ვიზიტისას შეხვდა ლატვიის საციგაო სპორტის ფედერაციის წარმომადგენლებს. განმარტების თანახმად, იტალიაში ვიზიტისას ის სამ-სამი დღე-ღამე იმყოფებოდა ქალაქებში – მილანში, ფლორენციასა და რომში, ასევე, მილანიდან ერთი დღით გადასული იყო ლოზანოში. თუმცა აუდიტის დასკვნაში წერია, რომ გამგებლის წარმომადგენელს ოფიციალური შეხვედრები იტალიაში არ გაუმართავს და მივლინებული პირი ლოზანოში მხოლოდ ერთი დღით  იმყოფებოდა , ხოლო სხვა დღეები იტალიის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა.

“შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ იტალიის მივლინებისათვის ანაზღაურებული თანხა, 3.1 ათასი ლარი არამიზნობრივ ხარჯს წარმოადგენს”,-წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.