არასწორი წესით დაქირავებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე გარდაბნის მუნიციპალიტეტში 280.5 ათასი ლარის ანაზღაურება გაიცა

780

წინა სტატია

2015-2016 წლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტმა შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა და შტატგარეშე მოსამსახურეები მუდმივ ამოცანათა შესასრულებლად დაიქირავა, მაშინ, როცა, კანონმდებლობით, შტატგარეშე მოსამსახურეები მხოლოდ არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, გარკვეული ვადით უნდა დაექირავებინა, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.

უწყების ცნობით, ამ წლებში არასწორი წესით დაქირავებულ შტატგარეშე მოსამსახურეებზე გარდაბნის
მუნიციპალიტეტში 280.5 ათასი ლარის ანაზღაურება გაიცა.

გარდა ამ დარღვევისა, აუდიტის სამსახურმა, ასევე, დაადგინა, რომ  მუნიციპალიტეტის გამგეობასა და
საკრებულოს დარღვეული ჰქონდა “თვითმმართველობის კოდექსი” და შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა დადგენილი 10%-იანი ლიმიტს საგრძნობლად აღემატებოდა.

“მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა დამტკიცებული საშტატო რიცხოვნობა 2015-2016 წლებში ძირითადად შეადგენდა 218 ერთეულს. გამომდინარე აქედან, მუნიციპალიტეტს შეეძლო ერთდროულად დაექირავებინა არა უმეტეს 22 შტატგარეშე მოსამსახურე. წარმოდგენილი
ინფორმაციის შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დაწესებული ზღვარი მნიშვნელოვნად არის დარღვეული. კერძოდ, 2015-2016 წლებში ერთდროულად დაქირავებულ შტატგარეშეთა რაოდენობა სხვადასხვა თვეებში იცვლებოდა 23-დან 41 მოსამსახურემდე, რაც 1- 19 ერთეულით აღემატებოდა კანონით დადგენილ ნორმას”, – ნათქვამია დასკვნაში.

ამავე დასკვნის თანახმად, შტატგარეშე მოსამსახურეებზე კანონის დარღვევითაა გაცემული პრემია-დანამატებიც. უწყების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ შტატგარეშე მოსამსახურეზე პრემიის გაცემა დასაშვებია, მას კონკრეტული საფუძველი უნდა ჰქონდეს. კერძოდ, პრემია შეიძლება გაიცეს ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სამუშაოების წარმოშობისას, დაკისრებული მოვალეობის განსაკუთრებული ხარისხით შესრულებისათვის და სხვა მსგავს შემთხვევებში.

“გარდაბნის მუნიციპალიტეტი 2015-2016 წლებში შტატგარეშე მოსამსახურეებზე პრემიებს
გასცემდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის ბრძანებებით. კერძოდ, 462.5 ათასი ლარის სახელშეკრულებო ანაზღაურებასთან ერთად, პრემია გაცემულია 144.1 ათასი ლარის ოდენობით. პრემიის გაცემაზე 2015-2016 წლებში მიღებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის 28 ბრძანება. მათ შორის, 10 შემთხვევაში 68.7 ათასი ლარი შტატგარეშე მოსამსახურებზე გაცემულია დაკისრებული
მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, 10 შემთხვევაში 35.9 ათასი ლარი გაიცა სადღესასწაულო პრემიის სახით, ხოლო 8 სამართლებრივი აქტი არ შეიცავს დასაბუთებას 39.5 ათასი ლარის საპრემიო თანხების გაცემაზე. პრემია გაიცემოდა მთლიანი ან ნახევარი თვის სახელშეკრულებო თანხის ოდენობით. აუდიტის ჯგუფი შეუსაბამოდ მიიჩნევს შტატგარეშე მოსამსახურეების პრემირებას სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე. აღნიშნული არ არის განპირობებული დაქირავებულის საქმიანობის ხარისხით და სირთულით. ამდენად, შტატგარეშე მოსამსახურეების საპრემიო ანაზღაურებიდან, 75.4 ათასი ლარი გარდაბნის მუნიციპალიტეტმა გასცა სათანადო დასაბუთების გარეშე”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

რაც შეეხება დანამატებს, უწყების ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში შტატგარეშე მოსამსახურეებზე 2015 წელს, გამგებლის ბრძანებებით, გაცემულია დანამატი 65.1 ათასი ლარის ოდენობით. 5 შემთხვევში დანამატი გაიცა დაკისრებული მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ხოლო 4 ბრძანებაში საფუძველი არ არის მითითებული. დანამატის ძირითადი მოცულობა დაქირავებულებზე გაიცა შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელეებთან ერთად. “საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ 13 დანამატების გაცემას ითვალისწინებს მხოლოდ საჯარო მოხელეზე, რომელიც ინიშნება ან აირჩევა სახაზინო დაწესებულების საშტატო
(შტატით გათვალისწინებულ) თანამდებობაზე. გამომდინარე აქედან, შტატგარეშე მოსამსახურეებზე მუნიციპალიტეტმა 65.1 ათასი ლარის დანამატი მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გასცა”, – წერია სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.